დღეს ხარაგაულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალაარჩეული პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა. ის ხარაგაულის „ჩხერიმელასა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩს დაესწრო, შეხვდა და ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მატჩის შემდეგ ბატონ ლევანს ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე, რეგიონული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

-ბატონო ლევან, რა მიმართულებით დაგხვდათ პრობლემები ფეხბურთის ფედერაციაში და რა გზები დასახეთ მათ დასაძლევად?

-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან დღემდე ვცდილობთ, რომ ფედერაციის მუშაობა მოვიყვანოთ ფორმაში. იცით, რომ ყრილობა ჩატარდა და აღმასკომი აირჩა. ხვალ გაირკვევა ვიცე-პრეზიდენტის ვინაობა. შეიკვრება ახალი სამუშაო ჯგუფი. თითოეული მათგანი კონკრეტული მიმართულებით აიღებს პასუხისმგებლობას და იმუშავებს.

ფედერაციაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ დასაფარია კრედიტები. ყველაზე დიდი პრობლემაა რუსთავის აკადემიის მშენებლობის საკითხი, – დიდი თანხებია ჩადებული და, ფაქტობრივად, სამუშაოების 50%-ია შესრულებული. ვალდებულება გვაქვს აღებული, ეს მშენებლობა დავასრულოთ, რაც თანხებს საჭიროებს.

ამის მიუხედავად, მინდა ყველამ იცოდეს, რომ 2016 წელს გარკვეული პოზიტივებით და ახალი პროექტებით დავიწყებთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

-ბატონო ლევან, რა მდგომარეობაა რეგიონულ ფეხბურთში?

-გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა. ხშირად დავდივარ და ვესწრები პირველი და მეორე ლიგის გუნდების თამაშებს. მინდა, ადგილზე გავეცნო პრობლემებს. ჩემს ხედვაში მთავარი ადგილი უჭირავს რეგიონულ ფეხბურთს. მინდა, რომ დავეხმარო და ხელი შევუწყო მის განვითარებას.

-თუ გეგმავთ ფინანსური კუთხით დახმარებას ისეთ კლუბებზე, როგორიც არის მაგალითად, „ჩხერიმელა?“

-ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ფონდისგან იგეგმება პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდების დაფინანსება. გუნდმა სეზონის დაწყებამდე უნდა იცოდეს, რა ფინანსებთან აქვს საქმე მიმდინარე წელს, მომავალ წელს და ა. შ. ეს კლუბის გრძელვადიანი პერსპექტივის დაგეგმვა-განვითარებისთვის აუცილებელია.

-2016 წლიდან გეგმავთ დახმარებას?

-ეს არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი. არჩევნები სავალდებულოა იმართებოდეს სეზონის დასრულებამდე, რომ ახალი სეზონის დაწყებისას ყველა გუნდმა იცოდეს, რა და როგორ იქნება. ჩვენ შემთხვევაში ეს გადაიდო, რადგან ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები, როცა დაწყებული იყო უმაღლესი და პირველი გუნდის სეზონები. დებულებები და წესდებებია მიღებული. ბევრი ისეთი რამაა, რაც ფეხბურთის ფედერაციას რომც უნდოდეს განხორციელება, ხელს შეუშლის გუნდებს, რადგან ეწინააღმდეგება წესდებებს და ა. შ.

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 2016 წლის მეორე წრის დასაწყისში გუნდებს დავეხმაროთ. ზუსტად გამართული და კონკრეტული ნაბიჯებით იქნება, რასაკვირველია, შემდეგი, 2016-2017 წლების სეზონი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კლუბებს მეორე წრის დამთავრებაში არ დავეხმარებით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, სწორი, ეტაპობრივი სტრატეგია და მიმართულებები, რაც ჩვენ გვაქვს, ახალი სეზონიდან იქნება.

-ბატონო ლევან, თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთი რატომ ვერ არის ისეთი წარმატებული, როგორც სპორტის სხვა სახეობები?

-ძალიან მარტივია მაგ შეკითხვებზე პასუხი. წარმატებას უნდა იმსახურებდე, ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია და იმიტომაც ვართ ასე. არ დაგვიმსახურებია იმიტომ, რომ წლების მანძილზე მიზანმიმართულად არ ვმუშაობდით.

-როგორია თქვენი სურვილები ხარაგაულის „ჩხერიმელას“ მიმართ?

-აუცილებელია, რომ გუნდმა შეინარჩუნოს ადგილი პირველ ლიგაში. მთავარი ამოცანა ესაა. წარმატებებს ვუსურვებ ხარაგაულის „ჩხერიმელას.“

ნინო კაპანაძე

LEVAN_KOBIASHVILI-2 LEVANI

ფოტოებზე: საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩხერიმელას“ დირექტორ ზურაბ გიორგიძესთან ერთად, მწვრთნელ გიორგი შავგულიძესთან და ფეხბურთელებთან ერთად.