მომავალი, 2016 წლიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში პრევენციული მედიცინის დაფინანსება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, 285 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები.

რამდენად შეძლო ხელისუფლებამ მომავალი წლისთვის ეფექტური პროგრამული ბიუჯეტის შედგენა, შეიცვლება თუ არა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და როგორ, რამდენი პროცენტით გაიზრდება ეკონომიკა, – ამ საკითხებზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გვესაუბრება.

პარლამენტარის ინფორმაციით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტით საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტი 9 920 000 000 ლარია. მისივე თქმით, მომავალ წელს ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იგეგმება.  „წელს კორექტირების შემდეგ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5%-დან 2%-მდე შევამცირეთ. თუმცა, ცხრა თვეში ეკონომიკის ზრდამ 2,8%, ხოლო ათ თვეში – 2,7% შეადგინა. მომავალი წლისთვის დაგეგმილი ზრდა, ვფიქრობ, მიღწევადია,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.

-ბატონო ნოდარ, იგეგმება თუ არა მომავალ წელს პენსიების ზრდა?

-პარლამენტში პირველი და მეორე წარდგენით  შემოტანილი ბიუჯეტის პროექტით პენსიების ზრდა არ იგეგმება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან პენსიების 10 ლარით ზრდა ბიუჯეტს 87 მილიონი ლარი დაუჯდება ერთი წლის მანძილზე. პენსიონერების მდგომარეობა მძიმეა, თანაც ინფლაციური პროცესები განვითარდა და ფასები გაიზარდა მედიკამენტებზე.

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში ვმსჯელობთ პენსიის გაზრდისთვის საჭირო რეზერვების გამოსაძებნად, – პირადად

ვფიქრობ, რომ პირველ ყოვლისა, უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პენსიონერების პენსია გაიზარდოს; ვთქვათ, მარტოხელების, ინვალიდების და ა. შ.

საპარლამენტო კომიტეტები მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ პენსიის თემაზე. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს საყოველთაო ჯანდაცვაზე, პრევენციული მედიცინის დაფინანსებაზე.

ბევრი საფუძვლიანი მოთხოვნაა. მაგალითად, ჩვენი საგარეო უწყება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში საინვესტიციო მიმართულებითაც, ნორმალურ პირობებში უნდა მუშაობდეს.

ბევრი ხარჯია, რომელიც ვერ ჩაიდო ბიუჯეტში პირველი წარდგენისას. მთავარია, რომ შემოსავლები სწორად განაწილდეს.

-მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 57 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯი. კონკრეტულად რა მიმართულებით?

-სამაშველო სამსახურები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა, მომავალ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამ კუთხით 40 მილიონ ლარამდე  დაიგეგმა ცენტრალურ ბიუჯეტში.

მნიშვნელოვნად იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, – 19 მილიონ ლარზე მეტით, რადგან მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

მე მივეკუთვნები პარლამენტართა იმ ჯგუფს, ვინც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ხარჯში არის რეზერვები. იმდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს კონკრეტულ დაწესებულებაში, რამდენიც სჭირდება საქმის კეთებას. მთელ რიგ სამინისტროებში პრემიები მაღალი თანამდებობის პირებზე არ არის გათვალისწინებული. იმის საშუალება, რომ კარგი მუშაკი წაახალისო, ბიუჯეტს ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

-მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის თუ არა პროგრამული?

-წლევანდელთან შედარებით უფრო მეტად პროგრამულია. კანონმდებლობაში არ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს ეფექტურად მუშაობის ვალდებულებას. კონსტიტუციითა და საბიუჯეტო კოდექსით არ არის განსაზღვრული ეფექტიანობის პრინციპი – რამდენად სწორად და ეფექტურად გაიწია ესა თუ ის ხარჯი.

უცხოელი დონორები გვეხმარებიან ამ სტანდარტებისა და საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაში. მიმდინარე ეტაპზე ინგლისის მთავრობის მხარდაჭერით უნდა შევიმუშაოთ სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სტანდარტები.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ამ რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ყველაზე უფრო მიახლოებულია პროგრამულს. ამ ბოლო წლებში ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს აქვთ კარგი  პროგრამული ბიუჯეტები. ცენტრალური ბიუჯეტიც, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები, მხოლოდ გარეგნულად ჰგავს პროგრამულს. თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ამის მაგალითია ჯანდაცვითი პროგრამები, რომლებშიც შესაძლებელია შედეგების შეფასება და ეფექტიანობის განსაზღვრა.

მნიშვნელოვნად იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება – ძირითადად პედაგოგთა ხელფასების მატების კუთხით.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმაოდ საინტერესო პროგრამებს გვთავაზობს. ჯერჯერობით გადასაწყვეტია, რა ფორმით გაგრძელდება გლეხების სუბსიდირების პროგრამა.

წელს პირველად ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც მომავალ წელსაც გრძელდება.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ მივუახლოვდეთ ევრორეგულაციებს და ეს აისახება ბიუჯეტზეც.

-ბატონო ნოდარ, როგორ შეაფასებთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს?

-გადავავლე თვალი და ამ პროექტით კმაყოფილი არ ვარ. 2015 წელს ბიუჯეტიდან გაწეული ფაქტობრივი ხარჯი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით არის განსაზღვრული. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩემი წინადადებით (რომელიც გაზიარებულ იქნა) გაკეთდა  ჩანაწერი, რომ 2015 წელს გათანაბრებითი ტრანსფერი არ უნდა ყოფილიყო გასული წლის ტრანსფერზე ნაკლები. ამ ჩანაწერმა დაახლოებით 400 000 ლარი შეგვინარჩუნა. წელს ეს ჩანაწერი აღარ გაკეთდა და საერთო ჯამში, ტრანსფერის რაოდენობა მცირდება, თუმცა იმის გამო, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში მიიმართება საშემოსავლო გადასახადის ერთი ნაწილი, საერთო ჯამში ამ მიმართულებებით შემოსავალი არ იკლებს, პირიქით იზრდება 30 000 ლარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე ერთი მილიონი ლარის ოდენობით დაიგეგმა შემოსავალი ჯარიმებიდან, რაც სარისკოდ მეჩვენება. საერთო ჯამში შემოსავლები ვფიქრობ, არასაკმარისია. უფულო თვითმმართველობა კი ფიქციაა.

წელს 900 ათას ლარზე მეტი თანხა თავისუფალი ნაშთიდან გაიხარჯა. ნაშთის ძირითადი ნაწილი წავიდა მიმდინარე ხარჯებზე და არა კაპიტალურ ხარჯებზე. მომავალ წელს თავისუფალი ნაშთი აღარ იქნება, რაც კარგი არაა.

2015 წლის ბიუჯეტი 6 300 000 ლარით დაიგეგმა, 2016 წლის – 6 587 000 ლარით. თუმცა, მიმდინარე წლის ფაქტობრივი ხარჯი მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ წელს ბიუჯეტი სწორად იყო დაგეგმილი (დაზუსტებული გეგმა მაქვს მხედველობაში), მომავალ წელს ნაკლების დახარჯვა მოუწევს თვითმმართველობას. თუ არ იყო სწორად დაგეგმილი, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ დავხარჯეთ თანხა, რომლის დახარჯვაც საჭირო არ იყო?! ღონისძიებების მოცულობები ხომ თითქმის იგივე ოდენობისაა.

ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა ადმინისტრაციული ხარჯების დიდი ოდენობა. ა(ა)იპ-ების ხარჯების დაახლოებით 68% სახელფასო ხარჯია. მაგალითად, კულტურის ცენტრის დაფინანსებაში 97% ხელფასია. საფეხბურთო გუნდში ხარჯების ნახევარი ასევე ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაა (აქ ფეხბურთელთა ანაზღაურება არ შედის). ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რაიმე პროგრამის განხორციელებისთვის ხარჯი არ ექნებათ.

სოციალური მიმართულებით პრობლემები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წლევანდელ ბიუჯეტშიც გვაქვს. ოპერაციებისთვის გაცემული საგარანტიო წერილების თანხა დეკემბრის ჩათვლით თითქმის ათვისებულია.

წელს ჯარიმებიდან შემოსავლის სახით დაგეგმილი ერთი მილიონ 20 ათასი ლარიდან ათ თვეში მხოლოდ წლიურის ნახევარი შემოვიდა. გამოდის, რომ გეგმის შესრულებისთვის ორ თვეში ამდენივე მაინც უნდა შემოვიდეს. გამოდის, რომ თანხები დააკლდება პროგრამებს, – სადღაც გზის გაკეთება იგეგმებოდა, სადღაც – ხიდის. დასაქმებულების ხელფასს ვერ დააკლებენ, რადგან მათთან კონტრაქტებია გაფორმებული.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 2015 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განსაზღვრული 90 ათასი ლარიდან (თავდაპირველად დაიგეგმა 120 000 ლარი, თუმცა შემდეგ 30 000 ლარი სხვა მიმართულებით იქნა გადატანილი). გაცემულია მხოლოდ 25 ათასი ლარი. საერთოდ ამ მიმართულებით გაცემული თანხების მიზნობრიობა უნდა გაკონტროლებულიყო და მოსახლეობას მეტი ეფექტი უნდა მიეღო. ახლა რა პასუხი უნდა გავცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ დახმარებას ელოდებიან (ვალდებულებაც გვაქვს, რადგან ეს დამტკიცებული პროგრამაა).

მიმდინარე წელს კარგადაა ათვისებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხები. ამან პირადად მე მომცა საშუალება, რომ მომეთხოვა ფარცხნალის გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის გაკეთება. საკრებულოს თავმჯდომარემ იაქტიურა და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულია გადაწყვეტილება მარელისის გზის მოასფალტებაზე. საგზაო დეპარტამენტი მოაწესრიგებს დიდვაკის გზის მონაკვეთს. შანსია, რომ საღანძილეში, დიდვაკესა და წიფაში საბავშვო ბაღების ენერგეოფექტური შენობები გვქონდეს. ვიცი, რომ ამ მიმართულებით პროექტები მზადდება. ამ პროექტებთან დაკავშირებით კარგად დაემთხვა ჩემი, საკრებულოს თავმჯდომარის აქტიურობა და გამგეობისაგან პროექტების ოპერატიულად მომზადება.

სერიოზული პრობლემაა ა(ა)იპ-ების დაფინანსება მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდშიც და შემდეგ წელშიც. არასწორმა პოლიტიკამ შექმნა პრობლემები. ადამიანების დანიშვნაზე ბრძანების დაწერა იოლია, დაფინანსება კი რთული. ლამის ანათემას გადამცეს, როცა ვამბობდი, რომ გონივრულად მოვქცეულიყავით. ახლა დავდექით ანაზღაურების შემცირებისა და როგორც ჩანს, ადამიანთა შემცირების საშიშროების წინაშე. ნუთუ ძნელი იყო იმის განჭვრეტა, რომ ასეთი რეალობა დადგებოდა?

მაინც მინდა იმედი დავიტოვო, რომ გამოსავალის მოძებნა მოხერხდება, თუმცა ეს იოლი არ იქნება.

ნინო კაპანაძე