

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულია ა(ა)იპ-ების მოთხოვნები 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში დამატებითი თანხის მოთხოვნის შესახებ.
მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება მოთხოვნილი თანხების სრულად გამოყოფა.
ა(ა)იპ-ებს დამატებით გამოეყოფათ სუბსიდია 91,8 ათასი ლარის ოდენობით, აქედან:
– ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას“ – 40,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას“ – 8,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ „კულტურის ცენტრს“ – 8,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრს“ – 8,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბს „ჩხერიმელა 2009“ – 25,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრს“ – 2,8 ათ. ლარი.
როგორც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა, წლის ბოლომდე კიდევ დასჭირდებათ სუბსიდიის დამატება საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ 70 ათას ლარამდე და ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას“ – 35 ათას ლარამდე.
მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის სამსახურის მოთხოვნით, 2015 წლის სოციალური პროგრამებში საჭიროა ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების ხარჯების გაზრდა. ამის გამო საჭიროა სოციალურ პროგრამებში ცვლილება; კერძოდ, უნდა შემცირდეს სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 13,0 ათასი ლარით და გადაიტანონ ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების ხარჯებში.
ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრმა გელა გოლუბიანმა აღნიშნა, რომ დეპუტატებმა უნდა შეხედონ რეალობას, – ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები იძულებით უშვებენ უფასო შვებულებებში იმ თანამშრომლებს, რომელთაც ჯერ ფასიანი შვებულებით არ უსარგებლიათ იმის გამო, რომ ვეღარ ფინანსდება ეს ა(ა)იპ-ები და ამ დროს დამატებით იზრდება რამდენიმე ა(ა)იპ-ის დაფინანსება.
„100 ათასი ლარი ჰქონდა დამტკიცებული საფეხბურთო კლუბს ბიუჯეტით. მიღებული აქვს 170 ათასი. 25 ათასს ვუმატებთ და კიდევ 70 ათასი ლარი უნდა დავუმატოთ წლის ბოლომდე. ანუ დაგეგმილზე ორმაგი დაფინანსება უნდა მიიღოს, – ამბობს გელა გოლუბიანი, – იქნებ დავსვათ საკითხი, – ან ამ ბიუჯეტის წარმომდგენს მოვთხოვოთ პასუხი, ვინც 100 ათასი ლარი მოითხოვა და 200 ათასი ლარიც არ ჰყოფნის დღეს, ან მის შემსრულებელს, – ვინც ეს თანხა არანორმალურად გახარჯა. ამ დროს ვერ ვაფინანსებთ, მაგალითად, სპორტსკოლას, სადაც იმ მწვრთნელს, ვინც მომავალი თაობები უნდა გაზადოს, 200 ლარსაც ვერ ვაძლევთ. ვერ ვაფინანსებთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია მომავალი თაობების გასაზრდელად.
დამტკიცებულ სოციალურ პროგრამებს ვერ ვაფინანსებთ, – საგარანტიო წერილები გვაქვს გაცემული და აგერ, ორი თვეა, ფაქტობრივად ვერც ერთ განცხადებას სოციალური სამსახური ვეღარ ღებულობს და ვერც განიხილავს იმიტომ, რომ არ არის დაფინანსების წყაროები. დასკვნები უნდა გავაკეთოთ. არ შეიძლება ასე,“ – ამბობს გელა გოლუბიანი.
დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ გელა გოლუბიანი ოპოზიციონერი დეპუტატივით საუბრობს: „ალბათ დღეს პირველად დაინახა ბიუჯეტი. მას ბევრჯერ ჰქონდა საშუალება, რომ კორექტივები შეეტანა და თავისი მოსაზრებები მოეწოდებინა ბიუჯეტთან დაკავშირებით. კომისიის სხდომაზე მყარი განსხვავებული მიდგომები და შეთავაზებები დეპუტატებს არ გამოუთქვამთ, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა მდგომარეობას. სამწუხაროა, რომ კრიტიკას გამოთქვამს უმრავლესობის წარმომადგენელი.
კომისიის სხდომაზე განვიხილავთ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ფინანსურს ანგარიშგებას. ნუ საუბრობთ ასეთი ტერმინებით, – „პასუხი აგონ, პასუხი მოვთხოვოთ,“ – ამით ჩვენ მივუთითებთ კრიმინალსა და დანაშაულზე,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ვარლამ თავზარაშვილი, საკრებულოს წევრი: – თუ ვინმეს აქვს რამე ინფორმაცია, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს და დავასრულოთ ეს პოპულისტური საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით.
-რამ გამოიწვია დაგეგმილი ბიუჯეტის გაზრდა 2-3-ჯერ, – კითხულობს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – დაგეგმვის პროცესში არის შეცდომა. ამ მიმართულებით უნდა ვიმსჯელოთ, – არავის აქ არ უსაუბრია ვინმეს კონკრეტულ ბრალეულობასა და დანაშაულზე. პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკრებულოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა: „ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები თუ არ გაითვალისწინებენ იმას, რასაც ერთი წელია ვეუბნებით, – ორ და სამ ადგილზე რომ ჰყავთ გაფორმებული მკვდარი სულები, ნათესავები, ბიძაშვილები, ცოლის მამიდაშვილები და ა.შ. – არათუ დავამტკიცებთ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს, არამედ დავაყენებთ საკითხს იმ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელის მიმართ.“
ვლადიმერ გელაშვილი, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი: -ძალიან ადვილია საუბარი ბოლოს, ურემი რომ გადაბრუნდება. მანამდე არც ერთი პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. საკრებულოში შემოტანილი გვაქვს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი. დღეს ვაკრიტიკებთ 2015 წლის ბიუჯეტს. ისევ ასეთ მდგომარებაში ჩავარდება 2016 წლის ბიუჯეტიც. არ მაქვს პრეტენზია, რომ უშეცდომოდ ვაკეთებ. შემომთავაზეთ წინადადებები, ამ შემოსავლებით როგორ დავგეგმოთ უკეთესად მომავალი წლის ბიუჯეტი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში მორიგ საბიუჯეტო ცვლილებებზე საკრებულო ხვალ, 20 ნოემბერს, იმსჯელებს.
ლაურა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“