საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს „საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს”, რომელიც მოიცავს: ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.

შესაბამისად, ფესტივალი  ხელს შეუწყობს მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის გაცნობას, განვითარებას და წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში დღესდღეობით არსებულ ვითარებას. მასში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი.

ფესტივალი შედგება რეგიონული და დასკვნითი ტურებისაგან. რეგიონული ტური საზეიმოდ გაიხსნა 2015 წლის მაისის ბოლოს – კახეთში, ხოლო ლაურეატების დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართება 2016 წელს ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში.

8 ნოემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა შესარჩევი ტური, რომელშიც მონაწილეობდა მომღერალთა 20 ჯგუფი, მათ შორის ხარაგაულის კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კახორი“, რომლის ხელმძღვანელია ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე, ხოლო პედაგოგია – ლოტბარი მაია მაღრაძე. ანსამბლი ,,კახორი“ რიგით მესამე წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. მომღერლებმა ,,საოხუნჯო ფერხული“ და „იმერული სატრფიალო“ შეასრულეს და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი ჯემალ ჭკუასელი, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და მომღერალი, ლოტბარი, ეთნომუსიკოლოგი ლევან ვეშაპიძე.

მათ აღნიშნეს, რომ უნიკალური იმერული სიმღერების უდიდესი ნაწილი დაკარგულია და ანსამბლი „კახორი“ სამაგალითოა იმ მხრივ, რომ ცდილობს შეინარჩუნოს  ყველა შემორჩენილი იმერული სიმღერა. ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სიმღერების შესანიშნავად შესრულებასა და ანსამბლის წევრების სადა, დახვეწილ და გემოვნებიან ჩაცმულობას.

ფესტივალის გამარჯვებულები 2016 წელს გამოვლინდებიან და მათ გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომები, სახელობითი პრიზები და ფულადი პრემია. გამოიცემა DVD ალბომი – „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 წწ”.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.

ანა გოლუბიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი