ორ წელზე მეტია, რაც ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ჩვენი ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანია, – ამბობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე, – გვსურს, რომ ცაგერისა და მარტვილის მუზეუმების მსგავსად, მოხდეს ხარაგაულის მუზეუმის განახლება, ანუ რენოვაცია.“

რას გულისხმობს რენოვაციის პროექტი და რა სამუშაოებია ჩასატარებელი პროექტის განსახორციელებლად, ამის შესახებ ნინო დიდიძე გვესაუბრება:

-ეროვნული მუზეუმის მთავარი ფონდის მცველის, თემურ შარიქაძის დახმარებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა და არქიტექტორ-დიზაინერი ნინო ოქრუაშვილი გვესტუმრენ. აღნიშნეს ჩვენი მუზეუმის ექსპონატების უნიკალურობა და ინტელექტუალური დახმარება გაგვიწიეს.

მომზადდა ერთობლივი პროექტი. მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ ჯერ საზოგადოებისთვის წარგვედგინა, თუ რამდენად მოეწონებოდათ მუზეუმის სახეცვლილება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ექსპონატები ეროვნული მუზეუმის სპეციალისტთა დახმარებით უკვე რესტავრირებულია. ახლა მთავარია ტენიანობის რეჟიმის დაცვა, რომ მომავალში მათი რესტავრირება აღარ გახდეს საჭირო.

მუზეუმის რენოვაცია გულისხმობს სერიოზულ ცვლილებებს. მოსამზადებელი ეტაპი ჩასატარებელია სპეციალისტებთან ერთად. დიგიტალიზაციის პროცესი, – თითოეული ექსპონატის ელექტრონული ვერსიის შექმნა, – ჩვენთან უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ეს რენოვაციის პროცესისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

პირველ სართულზე უნდა მოეწყოს ადგილი, სადაც მომსვლელი დატოვებს ნივთებს. მუზეუმში სტუმრობა აუცილებლად გახდება ფასიანი და ბილეთი გაიყიდება. შევთანხმდით, რომ პირველი სართულის დათვალიერებისას არაფერს გადაიხდის შემომსვლელი. აქ იქნება ადგილი, სადაც ტურისტი დაისვენებს. პირველ სართულზე უნდა განთავსდეს სალონური შეხვედრებისთვის ლიტერატურული კაფე და საკონფერენციო დარბაზი. ჩვენს მუზეუმში, რამდენიმე წელია, ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამები – „ნორჩი არქეოლოგები“ და „ნორჩი რესტავრატორები.“ სამომავლოდ, ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, გვინდა სკოლა-ლიცეუმის გაკეთება, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ მინანქარის, რეწვის, ფოტოხელოვნებისა და სხვა ხელობის გაკვეთილები და მასტერკლასები.

პირველ სართულზე მოეწყობა ლაბორატორია, სადაც მცირე დაზიანებების შემთხვევაში ექსპონატებს ჩაუტარდება რესტავრაცია.

უნდა მომზადდეს მუზეუმის ალბომი. სხვადასხვა ექსპონატზე უნდა გაკეთდეს მეცნიერული გამოცემა, რომლებიც გაიყიდება მუზეუმის მაღაზიაში სუვენირებთან ერთად.

ეზო მოეწყობა ისე, რომ 18 საათზე, როცა დაიკეტება მუზეუმი, ლიტერატურული კაფე-სალონის მუშაობას ხელი არ შეეშალოს. მუზეუმის ეზოშიც მოეწყობა საინტერესო შეხვედრები.

მუზეუმის გამორჩეული და საამაყო დარბაზი, სადაც გამოჩენილ ხარაგაულელთა შესახებ მასალებია განთავსებული, ხშირად იწვევს უკმაყოფილებას. მას შემდეგ, რაც მუზეუმში ეს დარბაზი მოეწყო, სახელოვან ხარაგაულელთა რიცხვს ბევრი მიემატა. ამიტომ პროექტის თანახმად, ეს დარბაზი განახლდება. ვფიქრობთ, რომ თვეში ერთხელ ან გამოჩენილ ხარაგაულელებთან მოეწყობა შეხვედრა, ან მათი ოჯახის წევრებთან.

მეორე სართულზე ექსპოზიცია პრეისტორიული პერიოდით, დევის ხვრელით დაიწყება. შემდეგ გადავალთ არქეოლოგიის დარბაზში. მუზეუმში იმდენად უნიკალური ნივთია, რომ აუცილებლად უნდა წარმოჩნდეს ეფექტების სახით. შემდეგ განთავსდება ნუმიზმატიკა, საეკლესიო ნივთები, ეთნოგრაფია, გამოჩენილ ადამიანთა ექსპოზიცია.

მეორე სართულზე ორი დიდი დარბაზი გვრჩება მუდმივი და დროებითი გამოფენებისთვის. აქ ყველანაირი პირობა იქნება იმისთვის, რომ  სხვა მუზეუმიდან მოვიტანოთ ექსპონატები.

მუზეუმის რენოვაცია, მართალია სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ მუზეუმი განსხვავებულ დატვირთვას და მნიშვნელობას შეიძენს და ფინანსური შემოსავალსაც მივიღებთ.

რენოვაციისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაზეც ვმუშაობთ. თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუცილებელი იქნება. იმედია, რომ სპეციალისტებთან კონსულტაციით, სწორი დამოკიდებულებითა და აქტიურობით ყველა ერთად შევძლებთ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის რენოვაციას.

ნინო კაპანაძე