კოოპერატივების ჩამოყალიბების მეორე ეტაპზე ხარაგაულში, კონკრეტულად კი სოფელ კიცხში, კიდევ ერთი კოოპერატივი დაფინანსდა. „მეღვინებობა კიცხი“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის, – „ადამიანი გაჭირვებაში“ საველე კოორდინატორის, ქეთი გოცირიძის, ინფორმაციით, მეორე ეტაპზე ცხრა მუნიციპალიტეტიდან (ხონი, წყალტუბო, ბაღდათი, ტყიბული, ონი ამბროლაური, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული) 35 განაცხადი შევიდა. მათგან 15 კოოპერატივი დაფინანსდა. „კოოპერატივის თავმჯდომარე ამჟამად იურიდიულ საკითხებს აგვარებს. რის შემდეგაც მას შევუძენთ ტექნიკას და ყველა იმ საჭირო დანადგარს, რაც მოითხოვა საგრანტო განაცხადში,“ – ამბობს ქეთი გოცირიძე.

მისივე ინფორმაციით, 2-4 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან, აგრობიზნესის წარმომადგენლებთან და კოოპერატივის შექმნით დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. „თავიდან ძალიან ჭირდა მოსახლეობის ნდობის მოპოვება. ვერ ვარწმუნებდით, რომ შეეძლოთ გრანტის მიღება საკუთარი ფერმერული მეურნეობის გასაძლიერებლად და ხელშესაწყობად. ახლა, შეხვედრების მესამე ეტაპზე, მათი მიდგომები განსხვავებულია. თუ საჭირო იქნება, საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურთან კონსულტაციას გავივლით და კოოპერატივთან დაკავშირებით შეხვედრებს კიდევ დავგეგმავთ ხარაგაულში. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივის შექმნით დაინტერესებულ პირებთან დარგის ექსპერტებმა იმუშავეს. მათი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

კოოპერატივის, – „მეღვინეობა კიცხი“ თავმჯდომარე ჰამლეტ ბერაძე მოხარულია, რომ თანამოაზრეებთან ერთად კოოპერატივის შექმნისთვის აუცილებელი ყველა ეტაპი წარმატებით დაძლია.

„ამჟამად დეტალებს ვაზუსტებთ, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – დავარეგისტრირებთ კოოპერატივს, შემდეგ იმ ადგილს, სადაც უნდა განთავსდეს კოოპერატივის შენობა. კოოპერატივი ექვსკაციანია. ვფიქრობთ, რომ ხუთი თანამოაზრე კიდევ შემოგვიერთდება.

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ჩეხეთში გავეცნობით წარმატებული კოოპერატივების საქმიანობას და შევიძენთ გამოცდილებას. შენობის მოწესრიგების შემდეგ აღიჭურვება გრანტით მოპოვებული შესაბამისი ტექნიკითა და დანადგარებით. ეტიკეტსა და ბოთლებს თავად შევიძენთ. ჩვენი სახსრებით ავაშენებთ და მოვაწყობთ შენობას.

კოოპერატივის მიზანია ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება. ყურძნის საჭყლეტი სპეციალური აპარატით უნდა მოვემსახუროთ ადგილობრივ მოსახლეობასაც. ამ დანადგარით ყურძნის გამოსავალი 75-80%-ია, – გაცილებით მეტი, ვიდრე საწნახელში დაწურვისას. კოოპერატივი მომავალი წლის სექტემბერში გაიხსნება. გარკვეული რაოდენობის ყურძენი ღვინის დასამზადებლად კოოპერატივის წევრებს გვაქვს, ნაწილს – შევიძენთ.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში კოოპერატივებთან დაკავშირებით