ბაზალეთის მოასფალტებული გზა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახალი ოფისი, სამგლიის სერზე მშენებარე საავადმყოფო და ამ შენობის მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგების ახალი სისტემა მოინახულა დღეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

გუბერნატორმა ეს ობიექტები პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ეს ყველამ ვიცით. ბევრი რამის გაკეთებაა დაგეგმილი და ნელ-ნელა დგება ქვეყანა ფეხზე. ბაზალეთში გზის ეს პატარა მონაკვეთი გაიხსნა და მომავალი წლიდან იგეგმება უბისა-ღორეშის გზის რეაბილიტაცია, რომელიც ბაზალეთის გზას შეუერთდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ ქვეყანა არ არის ისე განვითარებული და შეძლებული, რომ უცბად გაკეთდეს ყველაფერი. ბევრი პრობლემაა სოციალური დახმარების მხრივ და ამიტომაც ვართ შეკრებილები, რომ ვიმსჯელოთ. პრობლემები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე წარმატებები. ასეთია ჩვენი მდგომარეობა და რეალობას ვერ გავექცევით. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ერთმანეთს გვერდით დავუდგებით,“ – აღნიშნა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ბაზალეთში შეხვედრისას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხარაგაულის ფილიალმა ბინა ახალ შენობაში დაიდო – ხარაგაულის სატყეო მეურნეობის შენობის პირველ სართულზე.

„ოთახებში განახლდა იატაკი, რაშიც გამგეობა, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურები დაგვეხმარენ. შენობის გადმოცემისას მხარი დაგვიჭირა საკრებულომ და მაჟორიტარმა დეპუტატმა. მოეწყო ცალ-ცალკე მოსასვენებელი ოთახები მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის, მენეჯერის კაბინეტი და საწყობი,“ – აღნიშნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხარაგაულის ფილიალის მენეჯერმა გიორგი ბარბაქაძემ.

ხარაგაულში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახალმოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინო კაპანაძე

gubernatori-kharagaulshi-1 gubernatori-2 gubernatori-kharagaulshi-2 gubernatgori-kharagaulshi-3