

გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უეცრად იწყება – მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.
გრიპის სამი ტიპი არსებობს – A, B და C. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, რომელსაც ასობით ქვეტიპი გააჩნია.
გრიპის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსზე მეტი), თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი.
თუ გრიპისათვის დამახასიათებელი ერთი სიმპტომი მაინც დაგეწყებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გრიპს ხშირად ერთვის გართულებებიც: ყურის ანთება, პნევმონია (ფილტვის ანთება) და ა. შ.
გრიპის ვირუსის გართულების რისკ-ჯგუფში არიან: გულის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული და სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე ადამიანები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, ბავშვები და ხანდაზმულები, ორსულები. ამ კატეგორიის ადამიანებს იმუნური ფონი დაქვეითებული აქვთ, დაბალი იმუნიტეტის შემთხვევაში კი გრიპის ვირუსის გართულება ადვილად ხდება.
ადამიანს გრიპის ვირუსი დაავადებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს გადაეცემა. დაავადებული ადამიანის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ვირუსი ჰაერში ვრცელდება, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება.
ადამიანი შეიძლება დაავადდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დაბინძურებულ ზედაპირთან ხელის შეხების შემდეგ იმავე ხელით ცხვირ-პირის ან თვალის მიდამოს შეეხება. როგორც კვლევებით დადგინდა, ზედაპირებზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი ადამიანის დაინფიცირების უნარს 2-8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
გრიპისგან თავდაცვის წესები საკმაოდ მარტივია და მათი გათვალისწინება მხოლოდ გრიპის ვირუსისგან კი არა, მრავალი სხვა გადამდები დაავადებისგანაც დაგვიცავს.
ერიდეთ გრიპით დაავადებულთან ახლო კონტაქტს. ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი.
გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელს რეკომენდაციას უწევს სამკომპონენტიან ვაქცინას, რომელიც სამი ტიპის ვირუსს – B ვირუსსა და A ტიპის ვირუსის ორ ქვეტიპს მოიცავს.
ვაქცინას უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და ყველასთვისაა რეკომენდირებული, – განსაკუთრებით ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში გვიცავს. ამიტომ დაავადებისაგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა საჭირო.
ლელა კაციტაძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თანაშემწე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,