გორის სახალხო თეატრების ფესტივალზე „გორი-2015“ ცხრა სახალხო თეატრის რეჟისორული ნამუშევრიდან ჟიურიმ საუკეთესოდ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ მიიჩნია, ხოლო საუკეთესო რეჟისორად – ირინე ჩხეიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, 11-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გორში სახალხო თეატრების ფესტივალი მიმდინარეობდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ სამტრედიის, საგარეჯოს, საჩხერის, წყალტუბოს, ბორჯომის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ხელვაჩაურის სახალხო თეატრები.

ფესტივალის ჟიურის წევრები თეატრთმცოდნეები და კრიტიკოსები ნიკა წულუკიძე, ლელა ოჩიაური და ლაშა  ჩხარტიშვილი გახლდნენ.

ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირი“ ოთხ ნომინაციაზე წარადგინეს: საუკეთესო სცენოგრაფია (მხატვარი გაიოზ შუბითიძე); საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (პელაგია – ლუიზა კიკნაძე); საუკეთესო რეჟისორი (ირინე ჩხეიძე) და საუკეთესო სპექტაკლი.

„ფესტივალში მონაწილე ყველა თეატრმა განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ერთი კვირა აჩუქეთ გორს და გორელ მაყურებელს,“ – აღნიშნა ფესტივალის დახურვაზე ორგანიზატორმა, რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ.

ჟიურის წევრის, ლელა ოჩიაურის თქმით, მისთვის აღმოჩენა იყო ბევრი თეატრი. „ყველაზე მთავარია, რომ სახალხო თეატრის მსახიობები ხართ ადამიანები, რომელთაც შეგიძლიათ სხვა სამუშაოს, თქვენი ცუდი და კარგი ამბების შემდეგ მიხვიდეთ თეატრში და შექმნათ ასეთი მშვენიერი სპექტაკლები. ჩემთვის მართლა დღესასწაული იყო ეს ფესტივალი, რომელიც მომავალში უნდა გაგრძელდეს,“ – აღნიშნა ლელა ოჩიაურმა.

ჟიურის წევრ ლაშა ჩხარტიშვილი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო თეატრის მსახიობები სრულიად უანგაროდ ემსახურებიან საქმეს და ეს არის თეატრისადმი დიდი სიყვარული, რაც ჩანდა თითოეულ სპექტაკლში.

ფესტივალის დახურვისას დიდი სიურპრიზი ელოდა პელაგიას როლის შემსრულებელ ლუიზა კიკნაძეს. ის მაყურებლის სიმპატიის პრიზით დაჯილდოვდა. ლუიზა კიკნაძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და ჟიურის. „განსაკუთრებული მადლობა რეჟისორ ირინე ჩხეიძეს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად ხარაგაულის სახალხო თეატრს იცნობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში,“ – აღნიშნა ლუიზა კიკნაძემ

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე ირინე ჩხეიძესთან ერთად წარდგენილი იყვნენ საგარეჯოსა და ბორჯომის სახალხო თეატრების რეჟისორები – ნიკოლოზ საბაშვილი და ზაზა კიკნაველიძე.

„დიდი მადლობა ამ ბედნიერი წუთებისთვის. ამისთვის ღირს წვალება, რომელსაც სპექტაკლის მომზადებისას ვხვდებით. დიდი მადლობა ჩვენი თეატრის დასის წევრებს, რომელთა გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. თეატრის საქმიანობა ფესტივალებზე ფასდება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ ასეთი კომპეტენტური თეატრთმცოდნეები აფასებდნენ გორის სახალხო თეატრების ფესტივალს,“ – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ დაჯილდოების შემდეგ.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი უახლოეს ხანში „დარისპანის გასაჭირს“ წარადგენს თბილისში, დედაქალაქში  მცხოვრები ხარაგაულელებისთვის და არა მარტო მათთვის.

წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.

ნინო კაპანაძე

sakhalkho-teatri-2

sakhslkho-teatri-1