

რეგიონულ მედიაზე ზეწოლის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია:
ბოლო ორი წლის მანძილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუდმივად გამოხატავდა პოზიციას იმ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადამოწმება. ვთვლით, რომ რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები საფრთხის შემცველ ტენდენციად ყალიბდება. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგიონულ მედიას მნიშვნელოვნად შეეშლება ხელი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჯეროვნად გაშუქებაში.
რეგიონულ მედიაზე და რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ინფორმაცია მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით შეაგროვა. ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები გაესაუბრნენ რეგიონული მედიის რამდენიმე წარმომადგენელს.
ბუნებრივია, ამ მასშტაბის მოკვლევა არ გვაძლევს საშუალებას, დავაფიქსიროთ ჟურნალისტებზე ზეწოლისა ან მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ყველა ფაქტი. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს კარგად არ აქვთ გააზრებული დამოუკიდებელი მედიის როლი და კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებენ.
მოკვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად ზეწოლის ადრესატები კახეთისა და აჭარის რეგიონის ჟურნალისტები ხდებოდნენ. ზეწოლის ფაქტები ასევე დაფიქსირდა გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
იმერეთი
თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს გამოცემა „ჩემი ხარაგაული.” 2014 წლის დეკემბერში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა მუნიციპალური გაზეთის „ახალი ხარაგაულის“ მეშვეობით გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ტენდენციურ გამოცემად მოიხსენა, რომელიც „ემსახურება ვიწრო პარტიულ ჯგუფს, კერძოდ ნოდარ ებანოიძესა და მის რესპუბლიკურ პარტიას,“ რასაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაზეთის რედაქტორს, ლაურა გოგოლაძეს, თავზარაშვილსა და ხარაგაულის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ქვეყანაში მედია გარემოზე დაკვირვებას და აქტიურ თანამშრომლობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ მედიასაშუალებებთან.
ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებზე ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.
მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული პირების მხრიდან ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მედიასთან აგრესიული დამოკიდებულება ცუდ მაგალითს აძლევს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობების წარმომადგენლებს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და მკაცრი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობის ყველა ფაქტზე, რათა რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები ტენდენციად არ ჩამოყალიბდეს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“