ხარაგაულის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ-ებს, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაგეგმილი ხარჯების შემცირება მოუხდეთ. ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების განხილვისას ისაუბრეს.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ბიუჯეტის შესრულების კუთხით საგანგაშო არაფერია და ბიუჯეტის ცალკეული მუხლების, მაგალითად ჯარიმების, შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული.

დეპუტატი იური ლურსმანაშვილი დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები გატარდება, რომ შემსუბუქდეს დეფიციტით გამოწვეული ტვირთი.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, „წელს ეს დანაკლისი უნდა აღმოიფხვრას დაგეგმილი ხარჯების შემცირების ხარჯზე. ყველას დააკლდება ცოტა რაღაცები. ხელფასები არავის უნდა დავაკლოთ. დანარჩენი ყველა ხარჯი უნდა შევამციროთ. წავალთ იმ გზითაც, რომ დაგეგმილის შესავსებად მივმართოთ თანხა ნაშთიდან.“

ბიუროს წევრის, თორნიკე ავალიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო დაგეგმილი ხარჯებით, გარდა „სათნოების სახლისა“ და „ისტორიული მუზეუმის“ დირექტორებისა. „მაშინ ვამბობდი, რომ რვა თვის ხარჯებს ეყოფოდა 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი თანხა, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა, – შემდგომ თვეებში ბიუჯეტში შეგვქონდა ცვლილება და, იმის მიუხედავად, რომ ივლისიდან თვიური შემოსავლები შემცირდა, ა(ა)იპ-ებს დაფინანსებას ვუზრდიდით. რატომ?“

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, „ა(ა)იპ-ებმა აუცილებელი დამატებითი ვალდებულებები აიღეს, ყველა ვალდებულება წარდგენილია საკრებულოსთვის და საკრებულომ მათ მხარი დაუჭირა.“

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტი ნაკლებად იყო ორიენტირებული ღონისძიებებზე და ძირითადად ხელფასები იყო დაგეგმილი.

ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიშს საკრებულოს 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილავენ.

ნინო კაპანაძე