ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2027 წლის დაწყებას მნიშვნელოვანი სიახლით გეგმავს, – სასურველი პროფესიების შესწავლას ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზევე შესთავაზებენ.

ეს გადაწყვეტილება, როგორც ამ ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე განმარტავს, იმის გამო მიიღეს, რომ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სასწავლებლად მოსვლა უჭირდათ, ტრანსპორტზე ხელმიუწვდომლობისა თუ სხვა მიზეზების გამო.

2026 წელს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 12 სასწავლო კურსი ფუნქციონირებს:

– გალობის შემსწავლელი კურსი (კურსის ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე);

– ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის შემსწავლელი კურსი (თამილა კირთაძე);

– გიტარის შემსწავლელი კურსი (გია მეიფარიანი);

– ხეზე კვეთის შემსწავლელი კურსი (ბადრი სვანიძე);

– ჭრა–კერვის შემსწავლელი კურსი (მაყვალა სებისკვერაძე);

– შედუღების შემსწავლელი კურსი (ვლადიმერ ჭიპაშვილი);

– მწვანე განათლება (მანანა ტაბაშიძე);

– გელ–ლაქის (ე.წ. შილაკი) შემსწავლელი კურსი (თამარ მუხურაძე);

– კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი (ია ხარაზიშვილი);

– თექის შემსწავლელი კურსი (სოფიო მირცხულავა);

– ახალგაზრდული კლუბი (გიორგი მაქაძე);

– ქვაზე კვეთის შემსწავლელი კურსი (ბესიკ ლაცაბიძე).

ზოგიერთ სასწავლო კურსზე სწავლება უკვე დასრულდა, დანარჩენ კურსებზე სწავლა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამჟამად სწავლა ჭრა-კერვის, ხეზე კვეთის, გიტარის, გალობის, გელ-ლაქის, მწვანე უნარების განვითარებისა და შედუღების შემსწავლელ კურსებზე მიმდინარეობს.

გიორგი მუხურაძის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსია. კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ კურსზე სწავლის სურვილი ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და ყველა მსურველის მიღება წელს ვერც კი შეძლეს.

ახალგაზრდები, მათ შორის მოსწავლეები, გიტარის, ფანდურისა და გალობის შესწავლის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ. მოთხოვნადია ასევე გელ-ლაქის შესწავლა.

2026 წლის განმავლობაში 220-მა ადამიანმა გაიარა 12 სხვადასხვა კურსი, ხოლო 350-მდე პირმა ისარგებლა ზრდასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან გამართული ტრენინგებით.

„ჩემი ხარაგაულის“ მუდმივი მხარდაჭერის შემდეგ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას გიხდით, აღარც კი მგონია, ხარგაულში ვინმემ თუ არ იცის ზრდასრულთა განათლების ცენტრის შესახებ, – ამბობს გიორგი მუხურაძე, – თუმცა, მაინც გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოქალაქეებს მივმართავ:

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი თქვენთვის სასურველი პროფესიული უნარების დაუფლების, განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას გაძლევთ. ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლა უფასოა, სწავლის მსურველთა ასაკი კი შეუზღუდავია. ცენტრში ასევე მოქმედებს ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის საკითხების შემსწავლელი კურსი. მხოლოდ ამ კურსზე სწავლა ფასიანია“.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველებმა მიაკითხეთ მისამართზე – ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. #19, ან დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 577640400 (მანანა ტაბაშიძე).

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი, 2019 წელს, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

საქართველოში ზრდასრულთა განათლების თხუთმეტი ცენტრი ფუნქციონირებს: ხარაგაულის, ხონის, კოდის, შაუმიანის, ბოლნისის, კასპის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, მცხეთა-მთიანეთის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქისა და ამბროლაურის.

ნინო კაპანაძე