ბორითში, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის ადგილზე, მისი თანამებრძოლები, მერაბ კოსტავას განვლილი გზისა და ცხოვრების პატივისმცემელი საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

13 ოქტომბერს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 26 წელი შესრულდა. მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მამა მირიანმა (სამხარაძე) ბორითში, მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალთან აღავლინა.

„ღმერთმა აცხონოს მერაბ კოსტავას უკვდავი სული და ყველა იმ ადამიანის, ვინც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, – მიმართა მამა მირიანმა შეკრებილ საზოგადოებას, – მერაბმა გააგრძელა ის დიდი საქმე, რომელსაც საფუძველი ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. ეს ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით ამ ადგილზე და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები გვემატებიან. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ, ვინ იყო მერაბ კოსტავა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ვინც პატივი მიაგეთ მერაბ კოსტავას ხსოვნას.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსამანაშვილმა აღნიშნა, რომ 13 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. მისივე თქმით, მერაბ კოსტავამ გვაჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი. „ბატონი მერაბი თვითონ იყო ძალიან მოკრძალებული. მისადმი პატივისცემა ჩვენ გვამაღლებს, თორემ ის დამკვიდრებულია საქართველოს ისტორიაში,“ – აღნიშნა გამგებელმა.

პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა მერაბ კოსტავასთან ურთიერთობის დღეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავა ლეგენდა კაცი იყო. „ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე დამოუკიდებელი იქნება, ჩვენი მთავარი პრობლემა კი – დამოუკიდებლობის შენარჩუნებააო. წინასწარმეტყველური იყო მისი სიტყვები. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, ალბათ,  განსხვავებული იქნებოდა. 26 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. მინდა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ჩვენს ქვეყნას ჰყავდა გმირი, რომელიც არავის წინაშე ქედს არ იხრიდა ქვეყნის ინტერესების დასაცავად ბრძოლაში,“ – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის თქმით, გაუგონარი იყო მერაბ კოსტავას ვაჟკაცობა და სულის სიმაღლე. „არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსვლები, როგორი დიადი იყო. როგორც ერთ ლექსშია ნათქვამი, – როგორ ქათქათებ, მერაბ, შენი შავი დღის ფონზე. მას ყველგან შეჰქონდა სინათლე. ეს არ არის მხოლოდ ტრაგედიის ადგილი, ეს იმედის ადგილია,“ – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.

მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა და საქართველოს ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხა.

მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს თბილისის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „უბისი.“

ნინო კაპანაძე

boriti_kostvas_skveri-6 boriti_kostavas_skveri-7 boriti_kostavas_skveri-2 boriti_kostavas_skveri_3