ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელი მუშისგან ძაღლის სავარაუდო მოკვლისა და შეჭმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის, ტატო კუჭავას ინფორმაციით, გამოძება ადგილობრივთა ინფორმაციის საფუძველზე, სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო. მისივე თქმით, „სამართალდამცავების მხრიდან შეტყობინებისთანავე მოხდა რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების მასალები, მისი დასრულების შემდგომ გადაეცემა სასამართლოს.“

შსს ხარაგაულის რაიონული სამმარველოს გამომძიებლის, ვეფხვია ჩუბინიძის თქმით, დაიკითხნენ რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი და ჩინელი მუშები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებელი ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს.

გამოძიების ობიექტურად წარმართვით დაინტერესებულია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ადმინისტრაცია. თავშესფარის თანამშრომლის, მაკა ჩარკვიანის თქმით, ისინი გმობენ ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას და იმედოვნებენ, რომ გამოიძიება დაადგენს სიმართლეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ვკითხულობთ:

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აწარმოებს.