

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს, ნიკო წიკლაურს დღეს, 19 აგვისტოს, 70 წელი შეუსრულდა. ბატონი ნიკოსადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა.
48 წელია, რაც ნიკო წიკლაური ხარაგაულის თეატრის სცენაზეა. ამ წლების განმავლობაში მან არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი როლი შეასრულა. სახალხო თეატრის გარდა, ის ხარაგაულის საბავშვო და თოჯინების თეატრების მსახიობია.
ნიკო წიკლაური საგარეჯოს რაიონის სოფელ გორანაში დაიბადა და გაიზარდა. თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სასწავლებელში გაიცნო მან მომავალი მეუღლე ლუიზა კიკნაძე. ოჯახის შექმნის შემდეგ მათ ცხოვრება ხარაგაულში, სოფელ საღანძილეში გააგრძელეს.
საიუბილეო ღონისძიება ნიკო წიკლაურის მეუღლეს, ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობს, ლუიზა კიკნაძეს მიჰყავდა.
ნიკო წიკლაურს იუბილე მიულოცეს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვეს სახალხო თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ, „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, მსახიობებმა მაია ბერაძემ და ვასილ კიკნაძემ, სახალხო მთქმელმა ვიტალი ფცქიალაძემ, ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ.
ნიკო წიკლაური ძალიან საინტერესო ლექსებს წერს. ერთ-ერთ ლექსში ამბობს, რომ ლექსი მისი გულის მესაიდუმლეა. პოეზიაში ჩანს ბატონი ნიკოს კაცთმოყვარეობა, სამშობლოსა და მოყვასისადმი სიყვარული.
იუბილარს ოჯახის წევრებმა – მეუღლემ და შვილებმა – გოგიტამ და სოფომ, სიურპრიზი მოუწყვეს – ნიკო წიკლაურის ლექსების მეორე კრებული გამოსცეს. ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ საიუბილეო საღამოზე შედგა.
„სიკეთე და სითბო დამაქვს ყველგან“ – ასე ეწოდება ნიკო წიკლაურის ლექსების კრებულს. ამ კრებულიდან ლექსები ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობებთან ერთად ახალგაზრდებმა – ანი ჭანკოტაძემ, გაბრიელ გურგენიძემ, ნატალია მანჯავიძემ და დათო ტაბატაძემ წაიკითხეს.
ცეკვებით გაალამაზეს საიუბილეო ღონისძიება ანსამბლ „უბისის“ მოცეკვავეებმა (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები).
„ნიკო წიკლაურს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს, – აღნიშნა ღონისძიებაზე ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ, – ის ერთნაირი ოსტატობით თამაშობს როგორც სახალხო თეატრის, ისე თოჯინების თეატრის სპექტაკლებში. თუმცა, მე მაინც ლელთ ღუნიას გამოვყოფდი ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სპექტაკლიდან „თანამდევი სული“. ეს როლი ხარაგაულის თეატრის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
მაყურებელი ასევე გააოცა სპექტაკლ „ფოროსმანში“ ნიკო წიკლაურის მიერ შექმნილი მეეზოვის სახემ. მინდა, რომ დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით სიკეთის კაცი, ნიკო წიკლაური – თავის შესანიშნავ ოჯახთან ერთად.
ღონისძიების დასასრულს იუბილარმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს დაფასებისა და გულწრფელი მილოცვებისათვის.
„სტუდენეტობიდან სცენაზე ვარ. ხარაგაულის სცენაზე ჩემი მსახიობობა კი 48 წელს ითვლის, – ამბობს ნიკო წიკლაური. ხარაგაულის თეატრში მოსვლამდე საღანძილის კულტურის სახლს ვხელმძღვანელობდი და იქ იუმორისტულ სკეტჩებს ვდგამდი. პირველი როლი ხარაგაულის თეატრის სცენაზე სპექტაკლში „საბრალდებო დასკვნა“ ვითამაშე.
ყველა როლი ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, თითოეულ როლს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვასრულებ. ცხოვრებაში მთავარია, რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გასცე გარშემო მყოფების მიმართ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სულიერი თუ მატერიალური სიკეთე ასმაგად გვიბრუნდება. ამიტომ ამ წუთისოფელში ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ დღევანდელი რთული და მძიმე ყოფა ერთმანეთს შევუმსუბუქოთ“.
საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ ნიკო წიკლაურს საიუბილეო თარიღს. დიდხანს სიცოცხლესა და საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,