22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად არასრულწლოვანის გარდაცვალებას მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი რა დავწერო! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა….

22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
დედ-მამას აბედნიერებდა ნიკოლოზი და უმცროსი ძმასავით ამშვენებდა“, – წერს სოციალურ ქსელში მაია კობახიძე.

22 ივლისს ხორავას ქუჩაზე 4 პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი, 17 წლის არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.