

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში სოფელ ჩრდილის ტერიტორიაზე ფიქალათისა და ხანკაურას უბნებში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები ზვარელმა ეთერ ბიძინაშვილმა ამ გაზაფხულს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს გადასცა.
ამ აღმოჩენით დაინტერესდნენ სპეციალისტები – რევაზ კვირკვაია – ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგიის დოქტორი; ლალი ახალაია, ეკატერინე მაისაია, – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტები და ზურა გიორგაძე – ამავე სააგენტოს უფროსი სპეციალისტი. მათ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს ფიქალათისა და ხანკაურას უბნები და ლეღვანში ე. წ. ვეფხვაძეების გორა.
მუზეუმის თანამშრომლები ესტუმრენ ქალბატონ ეთერ ბიძინაშვილს, რომელმაც ფონდი ახალი ექსპონატებით გაამდიდრა.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძე ამბობს, რომ
ჩრდილში აღმოჩენილი განძი უნიკალურია იმ მხრივ, რომ დასავლეთ საქართველო ასეთი ნივთებით ღარიბია. გასული საუკუნის 60-იან წლებში მეომრის საფლავი აღმოჩნდა. ფიქალათის უბანში იმ ადგილას სახლის ასაშენებლად 1967 წელს ტყე გაუკაფავთ. ადგილის მოსწორება რომ დაიწყეს ბულდოზერით, აღმოჩნდა მეომრის საფლავი, ამოიყარა ნივთები, კერამიკა დაზიანდა. გადარჩენილი ნივთები დამსახურებულმა პედაგოგმა ეთერ ბიძინაშვილმა შეინახა. მან იცოდა ამ ნივთების ფასი და დაიცვა.
ეკა შველიძე განმარტავს, რომ ეს უნიკალური ნივთებია ბრინჯაოს ოთხი სხვადასხვა სახის სატევარის პირი და მშვილდსაკინძები ანუ ფიბულები.
ხანკაურას უბანში 50-იან წლებში აღმოჩენილი ნივთები ეთერ ბიძინაშვილმა ისტორიის ინსტიტუტში ნიკო ბერძენიშვილს ჩააბარა. „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ პირველ ტომში არ არის მოხსენიებული მისი სახელი და გვარი. თავად ქალბატონმა ეთერიმ ისურვა ასე, რომ წიგნში ზოგადად ჩაეწერათ „ზვარელი პედაგოგი.“
ქალბატონი ეთერი ინახავდა მეთვრამეტე საუკუნის რკინის საჭურველს, რომელიც ახლა ხარაგაულის მუზეუმშია.
რაც შეეხევა ლეღვანს, გასული საუკუნის 70-იან წლებში იქ სამარხეული ინვენტარი – გვიანი ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხი აღმოაჩინეს.
სპეციალისტები გაესაუბრენ სოფლის მოსახლეობას. ზვარესა და ლეღვანში აღმოჩენილი არტეფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ შესაძლებელია დაზვერვითი სამუშაოები გაგრძელდეს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“