

„რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს სიხარულისთვის,
რა ცოტა უნდა იმისთვის, რომ გული ატკინო.“
ცნობილი ლექსის ეს შესავალი ვისთვის როგორ, მაგრამ 60 წლის ადამიანებისთვის ზუსტად ისე აღიქმება, როგორც პოეტმა იგულისხმა. სწორედ ამ სულისკვეთებით შევიკრიბეთ ადრიანი შემოდგომის დასაწყისში ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის (დღევანდელი სასულიერო გიმნაზია) 1972 წელს კურსდამთავრებულები ხარაგაულის კინოთეატრთან. წარმოუდგენლად ამაღელვებული იყო ეს შეხვედრა. იყო სიხარულის ცრემლები, ჩახუტება, მიკითხვ-მოკითხვა, ბევრი ღიმილი. იმ წუთებში ყველა იმას ვგრძნობდით, თუ როგორ მოგვნატრებოდა ერთმანეთი.
17 თანაკლასელი და ხუთი თანაკლასელის მეუღლე, ორი მასწავლებელი – თენგიზ შერგელაშვილი და ჯამბული ბანცაძე – ასეთი იყო ჩვენი შემადგენლობა. პირველ რიგში, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, ვეწვიეთ მშობლიურ სკოლას. ამოიკითხეს სია, გავიხსენეთ გარდაცვლილი პედაგოგები და თანაკლასელები. შემდეგ გადავინაცვლეთ სხილაძეების საბანკეტო დარბაზში, სადაც არაჩვეულებრივი სუფრა და მაღალი დონის მომსახურება დაგვხვდა. მეგობრების თხოვნით ვითამადე. ითქვა ბევრი ლამაზი სადღეგრძელო, ლექსი, შესრულდა სიმღერები, ცეკვები. გავიხსენეთ სახუმარო ეპიზოდები სკოლის ცხოვრებიდან, ქედი მოვიხარეთ გარდაცვლილთა ხსოვნის წინაშე და ყველა ჩვენგანის ოჯახს ვუსურვეთ ნათელი მომავალი.
შეაღამე წამოგვპარვოდა, როცა დავიშალეთ. მეორე დღეს ისევ შევიკრიბეთ. ამ ორმა ლამაზმა დღემ კინოკადრებივით დაგვიბრუნა უკან სკოლის პერიოდის ტკბილ-მწარე ეპიზოდები და გაგვიღვივა ბავშვობისადმი ნოსტალგია. დავთქვით, რომ უახლოეს წლებში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დადებითი ემოციებით დამუხტულს, გულმა მიკარნახა, ეს ლექსი დამეწერა:
ისევ შევხვდებით ერთმანეთს,
ისევ იფრენენ მერცხლები,
ისევ გაკვესავს ჩვენს მზერას
ერთურთის თმების ვერცხლები.
კვლავ ჩავიხუტებთ ერთმანეთს,
კვლავ გავიხსენებთ ბავშვობას,
დავლოცავთ ქართულ ეთნოსს და
გარდასულ ახალგაზრდობას.
უღრმესი მადლობა ჩვენი შეხვედრის ორგანიზატორ თანაკლასელებს – მარინა ციცქიშვილს, ლალი ლურსმანაშვილს, აჩიკო თხელიძეს, მატერიალური მხარდაჭერისთვის ლელა ფცქიალაძეს და იური ლურსმანაშვილს. სწორედ მათმა მონდომებამ შემატა ჩვენს მოგონებებს ეს ულამაზესი ორი დღე.
გურამ სახვაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“