

„პოლონელი ხალხი ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული, – განავითარონ, გააძლიერონ და წარმოაჩინონ თავისი ქვეყანა. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი თვლის, რომ ქვეყანა მათი საპატრონოა, მათ უნდა შექმნან პოლონეთის მომავალი და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. პოლონეთში ვიზიტისას მივიღე დიდი გამოცდილება,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე.
13-დან 19 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების 16 წარმომადგენელი პოლონეთის თვითმმართველობის სისტემას გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროების თანამდებობის პირებს და სხვებს.
ინგა მაღრაძის თქმით, ყველაზე შთამბეჭდავი იყო თვითმმართველობის განვითარების ფონდის საქმიანობის გაცნობა.
-ფონდების მოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პოლონეთის თვითმმართველობებისთვის, – გვიამბობს ინგა მაღრაძე, – გავეცანით ფონდისგან მოძიებული თანხებით განხორციელებულ პროექტებს. ყველა თვითმმართველობას აქვს ფონდების მოძიების ცალკე განყოფილება. გადმოგვცეს წიგნი, სადაც ევროკავშირისგან დაფინანსებული პროექტებია ჩამოთვლილი. პოლონეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც ემზადებიან ევროკავშირის წევრობისთვის.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ სხვადასხვა ფონდებთან მუშაობა და პრაქტიკაში დავნერგოთ პოლონეთის გამოცდილება.
პოლონეთის თვითმმართველობა სამდონიანია – პირველი საფეხურია გმინა, შემდეგ პოვიატი და სამხარეო საბჭო. სამივე არჩეულია. ის, რაზეც ჩვენ ახლა ვიწყებთ ზრუნვას, – საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა, – პოლონეთში მყარადაა ფეხმოკიდებული. მმართველობა არის ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით.
პოლონეთში თვითმმართველობას გაცილებით მეტი ვალდებულება აქვს. თვითმმართველობის რეფორმის „მამამ,“ პროფესორმა ერნს შტემპმა გვითხრა, რომ ცენტრალური ხელისუფლება სულ რომ არ ჰყავდეს პოლონეთს, ეს არ დაეტყობა თვითმმართველობასო. შთამბეჭდავი იყო ის, რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ განათლებაზე და ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია. ადგილობრივი ბიუჯეტის 50% იხარჯება განათლებაზე. მხოლოდ მასწავლებელთა ხელფასებია დელეგირებული ცენტრალური ბიუჯეტიდან. თვითმმართველობა, თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უმატებს ხელფასს მასწავლებლებს. სკოლების ინფრასტრუქტურა არის გასაოცარი. სკოლებში არის სპორტული დარბაზები, ცეკვისა და მუსიკის წრეები. მოსწავლეს სკოლიდან არსად არ სჭირდება გასვლა – ადგილზეა ყველაფერი. ჭადრაკი სავალდებულო საგნად ისწავლება.
სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომლის მართვაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის, არ არის ანაზღაურებადი. ვისაც სურს, გადამზადდება და იწყებს მუშაობას. ტექნიკური ბაზა აქვთ მოწესრიგებული და ამით გმინის ხელმძღვანელი ძალიან ამაყობდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ანაწილებს დავალებებს. სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის აცხადებს კონკურსებს. ეს მისაბაძია და მოსაწონი. ალბათ, ჩვენც უნდა წავიდეთ ამ მიმათულებით.
ცენტრალურ ხელისუფლებას ზედამხედველობის ფუნქცია აქვს და სხვადასხვა ინსტიტუციები აკონტროლებენ ბიუჯეტის სწორად ხარჯვას.
ნარჩენების მართვა-დახარისხება ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა. ყველგან დგას ურნები სხვადასხვა ნარჩენებისთვის.
ამბულატორიული და პირველადი დახმარების პროგრამები არის თვითმმართველობის კომპეტენიაში. იქ სავალდებულოა დაზღევა და ნებისმიერი პირი იხდის დაზღვევის გადასახადს. გადასახადების ადმინისტრირება ძალიან ეფექტურია. საშემოსავლო გადასახადი არის დიფერენცირებული შემოსავლის მიხედვით და ირიცხება იმ სოფლისა თუ ქალაქის ბიუჯეტში, სადაც მოქალაქე რეგისტრირებულია და არა იქ, სადაც მუშაობს.
ყველგან არის მუნიციპალური ტრანსპორტი. მაქსიმალურად ბევრს მუშაობენ ენერგოეფექტურობის დანერგვის კუთხით. ძალიან აწუხებთ გლობალური დათბობის პრობლემა. მძღოლიც კი გვესაუბრა ამაზე. წუხან, რომ იმატა მანქანების რაოდენობამ და ცდილობენ, გადაადგილების სხვა საშუალებები გამოიყენონ.
მიგრაცია და უმუშევრობა პოლონეთშიც აწუხებთ. თუმცა, ვარშავა გადაიტვირთა და ბევრი ადამიანი საცხოვრებლად გადავიდა სოფელში. ამისთვის დასჭირდათ სოფლებში სკოლების აშენება. ბევრი ადამიანი იღებს უმაღლეს განათლებას და მაქსიმალურად მუშაობენ პროფესიული სწავლების პოპულარიზაციაზე. ქალაქ ნადარჟენის მერმა გვითხრა, რომ მათთან ტექნიკური მუშაკების დეფიციტია.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტის შედგენისას ითვალისწინებენ გარკვეულ თანხებს მოქალაქეთა ინიციტივების დაფინანსებისთვის. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ადამიანები საინტერესო და მოსაწონი ხედვებით გამოირჩევიან.
პროფესორმა ერნს შტემპმა გვირჩია, რომ ჩვენი საქმიანობა მივმართოთ ხალხისკენ, – გადაწყვეტილებების მიღებისას ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხებათ. მისივე თქმით, თვითმმართველობის პირველი პირები პოლიტიკის კეთებით არ უნდა დაკავდნენ.
რეფორმის განხორციელება არ არის ადვილი. ჩვენ რეალურ დეცენტრალიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი. პოლონეთში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენი შესააძლებლობების სწორად გამოყენებაა ძალიან მნიშვნელოვანი. პოლონელებს ჩვენზე მეტი რესურსი არ აქვთ, მაგრამ ყველაფერს სახელმწიფოებრივად უყურებენ. პოლონური გამოცდილება დაგვეხმარება მიდგომების შეცვლაში. ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ტურიზმის განვითარებაზე ხელშეწყობა, სერიოზულ სარგებელს მოგვიტანს. უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან, რომ სწორად ვმართოთ ეს სიკეთეები.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“