კიცხის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა პროექტის „სურსათის საიდუმლოებები ჩემი ლაბორატორიიდან“. ეს პროექტი [SCR-25-339] შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა VIII-XI კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული ჟელიბონები წარმოადგინეს. ამ პროდუქტების ნაწილი მარწყვისა და ფორთოხლის წვენისგან, ნაწილი ქიმიური საღებავისგან დამზადდა. ჟელიბონების შემადგენლობაში იყო ასევე ჟელატინი, აგარ-აგარი და პექტინი.

ეს პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაძლიერებას ქიმიის, ნუტრიციოლოგიისა და სურსათის ტექნოლოგიის გამოყენებით, – ამბობს პროექტის თანახელმძღვანელი ელისო არჯევანიძე,ლაბორატორიული ექსპერიმენტების მეშვეობით VIII- XII კლასების მოსწავლეებმა შეისწავლეს შაქრების, მჟავების, საღებავებისა და შემასქელებლების თვისებები, მათი გავლენა სურსათის სტრუქტურასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

პროექტი ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხებოდა. მოზარდები ხარისხიანი საკვებით, სამწუხაროდ, ნაკლებად იკვებებიან. გვინდოდა მოსწავლეებს დაენახათ განსხვავება ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტსა და ქიმიური საღებავით დამზადებულს შორის. ქიმიური საღებავით დამზადებული პროდუქტები ფერით უფრო მიმზიდველია.

მოსწავლეებმა ამ პროექტით ბევრი რამ ისწავლეს. სკოლაში ექსპერიმენტი ჩავატარეთ -კოკა-კოლასა და ძმრის მჟავიანობა გავზომეთ. აბსოლუტურად ერთნაირი აღმოჩნდა. კოკა-კოლას გემოზე მჟავიანობა არ ეტყობა, რადგან გაზიანია და დანამატები აქვს. ვეკითხები მოსწავლეს, – დალევ ძმარს ისე, როგორც კოკა-კოლას სვამ? – ვერა, მასწავლებელოო, – მპასუხობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ პროდუქტების შემადგენლობა და ჯანსაღად ვიკვებოთ.

ეს პროექტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ კიცხის სკოლის ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარი და ქიმიური ნივთიერებები შევიძინეთ. ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ქიმიის სწავლება უფრო საინტერესო გახდება. წიგნში მოცემული ფორმულები მოსწავლეს ძნელად ამახსოვრდება. ცდების შედეგად კი რწმუნდება, რომ ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.

მადლობას ვუხდი კიცხის სკოლის პედკოლექტივს, მოსწავლეებს, მშობლებს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისთვის“.

პროექტში ჩართული კიცხის სკოლის მოსწავლეები რუსუდან ზვიადაძე, გიორგი კვაშილავა, ნინო შავიძე, ბარბარე გიორგაძე, ელენე არჯევანიძე, მანანა ჯიმშიაშვილი ამბობენ, რომ ამ პროექტმა მათ ქიმია შეაყვარა. ისწავლეს გუნდურად მუშაობა, ჯანსაღი და ქიმიური დანამატებით დამზადებული პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის ხელმძღვანელი ჟუჟა ხაჭაპურიძე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი აგრარულ უნივერსიტეტში.

„მომხმარებელმა არ იცის, დახლზე დადებული პროდუქტები როგორ მზადდება და რას შეიცავს, – ამბობს ჟუჟა ხაჭაპურიძე, – მწარმოებელს უნდა, პროდუქცია ნაკლები დანახარჯით შექმნას. თუმცა, პროდუქტის შემადგენლობას არ გვიმალავს და ეტიკეტზე ეს ინფორმაცია დატანილია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ეტიკეტს არ ვეცნობით და ხშირად მხოლოდ პროდუქტის მიმზიდველ ფერს ვაფასებთ. ბუნებრივი პროდუქტებისგან დამზადებული საკვები თვალისთვის არასასიამოვნო შესახედია. ამაში მოსწავლეები თავად დარწმუნდნენ – საღებავით დამზადებული ჟელიბონი მკვეთრი წითელი ფერისაა, მარწვის წვენისგან დამზადებული – უფრო დაბურული წითელი ფერის“.

კიცხის სკოლის დირექტორმა თამარ წიწილაშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებისას მიღებულ ცოდნას მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. სწავლა კეთებით ყოველთვის მომგებიანია და სამუდამოდ რჩება მოსწავლის მეხსიერებაში.

შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, პროექტში ჩართული მოსწავლეები – გიორგი კვაშილავა, ელენე არჯევანიძე, ნიკოლოზ გოდიბაძე, საბა სარალიძე, ბარბარე გიორგაძე, დავით ფანჩვიძე, ანასტასია ფოფხაძე, რუსუდან ზვიადაძე, თამაზ სოფრომაძე, ნინო შავიძე, ანა გიორგაძე, მარიამ ჩხიკვაძე, მანანა ჯიმშიაშვილი, მათე ხიჯაკაძე, გაბრიელ ნიქაბაძე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

კიცხის საჯარო სკოლამ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

სამეცნიერო პროექტი კიცხის საჯარო სკოლაში