ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის, ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით გადმოასვენეს ბაგრამის საავიაციო ბაზიდან.

თავდაცვის სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს დაღუპულის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრენ.

აეროპორტში ასევე მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ, ნატოს სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.

გმირს მშობლიურ ქალაქ რუსთავში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. თანაქალაქელებმა და სამხედროებმა რუსთავის შესასვლელიდან მის საცხოვრებელ სახლამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ამჯერად კი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს ვასილის თანამებრძოლი დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

21 წლის გმირის, ვასილ ყულჯანიშვილის დედა, ხათუნა ბერაძე, ხარაგაულელია, სოფელ ხიდრიდან. ხიდრელები ამბობენ, რომ ვასილი ბუნებით დედას ჰგავდა, – ალალმართალი, კეთილი, გულისხმიერი და ნიჭიერი. გმირის დაღუპვას ასევე განიცდიან მისი თანატოლები სოფელ ვარძიაში, სადაც ხშირად იმყოფებოდა დეიდასთან.

გარდაცვლილ ჯარისკაცს ორშაბათს რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სამშაბათს, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე  კი, რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

yuljanichvili-7 yuljanichvili-6 yuljanichvili-1 yuljanichvili-2 yuljanichvili-5 yuljanichvili-3 yuljanichvili-4