ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ხარაგაულის ბიბლიოთეკის დარბაზში მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით წარმოადგინეს ის ცოდნა, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში სკოლაში შეიძინეს. ისაუბრეს დედა ენის მნიშვნელობაზე,  სამშობლოს სიყვარულზე, მეგობრობასა და პატივისცემაზე, რაც, ამ დროის განმავლობაში, მათ დამრიგებელმა, ნინო ფცქიალაძემ, ჩაუნერგა.

„დღეს ღიმილიან-ცრემლიანი დღეა, გული სიხარულით მევსება, რადგან გაიზარდნენ ჩემი პატარა მერცხლები, – აღნიშნა ღონისძიებაზე კლასის დამრიგებელმა ნინო ფცქიალაძემ, – კიდევ ერთ დაფრთიანებულ თაობას ვაცილებ, ვშორდებით ერთმანეთს, უკან გვრჩება საინტერესო, მრავალფეროვანი, სიყვარულით სავსე ოთხი წელიწადი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვისწავლეთ მეგობრობა, პატივისცემა, ერთმანეთის დახმარება, სიკეთე, ერთგულება.

მეხუთე კლასი ახალი გზაა, იქ იქნება მეტი პასუხისმგებლობა, დავალება, სირთულე, მაგრამ თქვენ უკვე მზად ხართ, თქვენში არის ძალა, ცოდნა და მთავარი – კეთილი გული, მინდა გახსოვდეთ, არასოდეს შეგეშინდეთ სიძნელეების, გჯეროდეთ საკუთარი თავის. მადლობა თქვენს მშობლებს მხარდაჭერისათვის, მადლობა თქვენს სხვა პედაგოგებს, სკოლის კოლექტივსა და დირექციას“.

ღონისძიების ბოლოს მეოთხეკლასელებს გზა დაულოცეს ხარგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვეფხვაძემ, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ლურსმანაშვილმა და მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს. მასწავლებელსა და მოსწავლეებს მრავალი წარმატება უსურვეს მოსწავლის მშობელმა და რესურცენტრის წარმომადგენელმა ნათია კაციტაძემ, #2 სკოლის დირექტორის მოადგილემ თეა ტალახაძემ.

მოსწავლეებს სამახსოვრო ალბომები და დამრიგებლისაგან შედგენილი სიგელები გადაეცათ, ხოლო დამრიგებელს, ნინო ფცქილაძეს მშობლებისგან სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

ღონისძიებაზე მეოთხე კლასის მოსწავლეებს ლექსებით მიესალმნენ მომავალი პირველკლასელები.