

ოცდაორი წლის წინანდელი ამბების გახსენება მისთვის ძალიან მტკივნეულია. განსაკუთრებით უჭირს საუბარი, როცა გარდაცვლილ თანამებრძოლებზე საუბრობს. 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე – მისთვის მუდამ გლოვის დღე იქნება.
ღორეშელი დავით იჩქიტიძე სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ზეინკალ-ავტოშემკეთებლის სპეციალობას დაეუფლა. ცოტა ხანს ხარაგაულის ს/ს „ავტოტრანსში“ მუშაობდა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში 1992 წლის 14 ივნისს გაიწვიეს. 19 ოქტომბერს მათი ბრიგადა აფხაზეთში გაგზავნეს.
იბრძოდა გუმისთაზე, ტამიშში… პირველივე ბრძოლის დროს მის გვერდით ორი ვერტყვიჭალელი თანამებრძოლი – გელა ლომიძე და მალხაზი კურტანიძე – დაიჭრა. თავიდან ეშინოდა, მერე შიში თანდათან გაქრა.
„28 დეკემბერს მოულოდნელად მითხრეს, სახლში წადიო, – იხსენებს დავით იჩქიტიძე, – თურმე ჩემი თანაკლასელი გელა კაპანაძე მოუკლავთ ომში. ზურიკო გელაშვილს უთქვამს ჩვენი მეთაურისთვის, თანაკლასელები არიან და გაუშვითო. ორივე 19 წლის ვიყავით…“
დავითი მალე ისევ ბრძოლის ველს დაუბრუნდა.
„ჩვენი თანამებრძოლი, ჯონი ლემონჯავა დაიჭრა მძიმედ, – იხსენებს დავითი, – მეთაურმა, შაქრო ხურციძემ მითხრა, – იქნებ გავიყვანოთ და ვუშველოთო. მოვიკიდე ზურგზე და მითხრა, – დათო, დამტოვე, იქნებ შენ მაინც გადარჩეო. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. ჯონიმ ჩემს ზურგზე დალია სული…“
დავით იჩქიტიძის ბრიგადამ ზეგანზე, 1993 წლის ივლისში ყველაზე დიდი ბრძოლები გადაიტანა. თითქმის მთელი თვე შეუსვენებლად იბრძოდნენ. ამბობს, რომ აფხაზების უმეტესობას ომი არ უნდოდა. ახსოვს ტყვედაყვანილი მოღალატე გააფხაზებული ქართველი, რომელიც აფხაზებს ქართველ მეომართა ადგილსამყოფელს ატყობინებდა.
„დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით, – ამბობს დავით იჩქიტიძე, – პროცენტულად აფხაზები ცოტანი იყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრი დაქირავებული მებრძოლი ჰყავდათ – კაზაკები, ჩეჩნები, რუსები. ჩვენმა მეთაურმა ტყვედ აიყვანა კაზაკი, რომელმაც გვითხრა, გადამიხადეთ და თქვენ მხარეს ვიბრძოლებო.“
25 სექტებერს მიიღეს სოხუმის დატოვების ბრძანება. იმ დღეს აეროპორტი ააფეთქეს. ამიტომ გემებით წამოვიდნენ ფოთამდე. 26 სექტემბერს ჩავიდნენ თბილისში.
„27 სექტემბერს ნაწილში ვიყავით, როცა სოხუმის დაცემის ამბავი შევიტყვეთ. ბოლო წუთამდე ვერ ვიჯერებდით. შემდეგ თანამებრძოლების ძებნა დავიწყეთ – ზოგი სვანეთზე მოდიოდა… ნაწილში საკუთარი სახსრებით მემორიალი გავაკეთეთ…“
დავით იჩქიტიძე რამდენჯერმე დაიჭრა ომის დროს – გუმისთაზე, შრომაში, ტამიშის მისადგომებთან. „20 ივლისს ზეგანის შეტაკებისას დავიჭერი ბეჭში და თბილისის ჰოსპიტალიდან სახლში გამომიშვეს. დილაადრიან მეზობელმა ტრაქტორი დაქოქა. ჩემდაუნებურად წამოვვარდი. -რა იყოო, – მკითხა მამამ.
-ავტომატს ვეძებ, მოდიან-მეთქი, – ვუპასუხე.
-დაწექი, შვილო, სახლში ხარო…“
დავით იქიტიძე მიიჩნევს, რომ, ბევრ სხვა გარემოებასთან ერთად, ომის წაგება ჯარისკაცთა გამოუცდელობამ განაპირობა. „ჯარში რამდენიმე თვე ვიმსახურე და იარაღის დაშლა-აწყობა მაინც ვიცოდი. ომში ისეთი ბიჭები იყვნენ, ფიცის მიღების შემდეგ პირდაპირ ბრძოლის ველზე რომ წამოიყვანეს…
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისთვის უნდა მესროლა და მომეკლა. ეს საშინელი შეგრძნებაა და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო… მაგრამ როცა ხედავ, რომ გვერდით მეგობარს გიკლავენ, მშობლიურ მიწას გედავებიან, გაისვრი და იბრძოლებ…“
27 სექტემბერს დავით იჩქიტიძის ოჯახში ყოველ წელს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად საკურთხი კეთდება. 5 მაისს თანაკლასელ გელა კაპანაძის საფლავზე მის დაბადების დღეს აღნიშნავს. სარგვეშში ესწრება „ხვიჩაობას,“ რომელიც ხვიჩა მუმლაძის უკვდავსაყოფად დაწესდა.
„აფხაზეთის ომზე გადაღებულ ფილმებს ვერ ვუყურებ, – ამბობს დავით იჩქიტიძე, – ყველა განცდა მიახლდება. გული მტკივა, არ შემიძლია ეკრანზე ვნახო ის, რაც 22 წლის წინ ასე საშინლად დასრულდა…
დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს. აუცილებლად მოვა ეს დრო, მჯერა და მწამს…“
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“