პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანია შეიქმნება. ეს კომპანია, პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.

ამ მიზნით „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.

აღნიშნული კომპანიის მოვალეობა იქნება მუდმივი მონიტორინგი და სხვადასხვა ისეთი პროცესების პრევენცია, რომლებსაც პოტენციურად საგზაო მოძრაობის შეფერხების გამოწვევა ან გზის, ხიდების, გვირაბების ოპერირების უწყვეტობის შეფერხების გამოწვევა შეუძლია.

ინიციატივა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს 5 ივნისს წარუდგინა. უწყება მის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ითხოვს. თავად კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კომპანიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უნდა ჩაატაროს, თუმცა, პირველ ეტაპზე კომპანიის კომპეტენციაში მხოლოდ გორი-არგვეთას მონაკვეთი იქნება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ყველაზე რთულ და ძვირადღირებულ რიკოთის მონაკვეთსაც მოიცავს.

ახალი კომპანიის დაფუძნებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 63 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 119 ერთეული მძიმე ტექნიკის შეძენაზე და დასაქმებულთა ხელფასებზე დაიხარჯება. სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, ახალ სახელმწიფო კომპანიაში 163 ადამიანი დასაქმდება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E60 გორი-არგვეთა მონაკვეთს, რომლის სიგრძე შეადგენს 105 კილომეტრს და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს.

აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითად კომპონენტს და თავისი ფუნქციური დატვირთვით წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომლის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სატრანზიტო პოტენციალს.

არსებული მოდელი, რომელიც ეფუძნება მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას, უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის განხორციელებას, თუმცა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი საინჟინრო გადაწყვეტების პირობებში იკვეთება ოპერაციული პროცესების უფრო კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვის საჭიროება.

მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა, არსებული მოდელი სრულად ვერ ჰპასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.