

ლაშე-ღვერკის მიმდებარედ, მდინარე ყარნებას შეგუბებული მონაკვეთის კონტროლისა და რისკების პრევენციის მიზნით, თანამედროვე მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა.
რამდენად იძლევა ეს სისტემა ადამიანებისთვის უსაფრთხოების გარანტიას; მაგალითად, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე ან მატარებლით მოძრაობისას – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
– ფაქტია, რომ მდინარის კალაპოტი არის ჩაკეტილი, მდინარის გარკვეული ნაწილი – შეგუბებული, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – შეგუბებული ოდენობიდან გამომდინარე, საშიშროების ალბათობა ძალიან ცოტაა. ამას წინ უნდა უძღოდეს სხვა კატაკლიზმი, – ან უფრო მეტი შემოდინება უნდა მოხდეს მდინარის და კიდევ უფრო მეტად ამაღლება წლის დონის, ფერდის უფრო მეტი ჩამოშლა და ა.შ.
ამ პროცესს, ერთის მხრივ, რკინიგზა აკონტროლებს; მეორეს მხრივ, – გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო და მუნიციპალიტეტი მონიტორინგს ერთად ვახორციელებთ. პრაქტიკულად, 24-საათიან კონტროლზეა აყვანილი იქ პროცესები – წყლის შემოსვლა, გასვლა, სიმაღლის მატება, ფერდის ჩამოშლის პროცესი.
დამატებით მონიტორებს აყენებენ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, ფერდის მიმართულებით. სამი მონიტორი, პლუს წყალმზომები დაყენებულია, 2 თუ 3 მონიტორი რკინიგზას აქვს დაყენებული.
იქ არსებული მასა რომ გაირღვეს და წამოვიდეს, არანაირად საფრთხეს არ ქმნის, – მდინარე ჩხერიმელას კალაპოტი გაატარებს. რკინიგზას მონიტორები იმიტომ აქვს დაყენებული, თუ ასეთი რამ მოხდება, მოძრაობა უნდა შეაჩერონ. ხიდის ქვეშ არსებულ სივრცეში, რომელიც გაასუფთავეს და გააფართოეს, შეიძლება გაიაროს ამ წყალმა. თუმცა, წამოსული წყალი ბურჯს რომ დაეტაკება, წინასწარ ვერავინ გათვლის, რა მოხდება. დიდი ალბათობით გაატარებსო, – ასე ამბობენ.
იმ არეალში მოქალაქეები აღარ ცხოვრობენ. დარტყმის ქვეშ მოდის ძველი წისქვილის შენობა და ორი ნაგებობა, რომლებიც საცხოვრისად არ გამოიყენება. თუ წყალმა დაიწყო ზრდა და საშიშროება გაიზარდა, ასეთ შემთხვევაში ჩაირთვება შესაბამისი მექანიზმები ჩვენი მხრიდან, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გავიყვანოთ.
ამიტომ გავეცით შესაბამისი მითითებები, რომ მეწყერის ზონაში არ იყვნენ მოქალაქეები; ასევე ზედა არეალში. თუმცა, ადამიანები იქ მაინც მიდიან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ამუშავებენ.
წერილობით არიან გაფრთხილებულები, რომ იქ არ შევიდნენ. მათ სახელმწიფომ შესაბამისი კომპენსაციები გამოუყო, მათზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა. ისინი სამართლებრივ დავაში არიან ჩაბმულები. მიმართეს პროკურატურას გამოძიებისთვის და სასამართლოს, – საკომპენსაციო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
რამდენიმე ხნის წინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, სამართლებრივი დავა რაში უშლით მათ ხელს, რომ აიღონ ეს თანხა და გამოიყენონ. ზოგს 30 ათასი ლარი უწევს, უმრავლესობას – 50 ათასი ლარი. დაზარალებული ოჯახები თუ ვინმეს უნდა შეედავონ, უნდა შეედავონ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს, ანუ შემსრულებელს, ჩვენ რა შუაში ვართ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში მეწყერიდანერთი წელი გავიდა.
ამ ორ სოფელში მეწყერით დაზარალებული 112 ოჯახიდან 107-მა ოჯახმა ფულადი კომპენსაციის ეკომიგრანტის სტატუსით მიღებაზე უარი განაცხადა და სასამართლოს ამ სტატუსის შესაცვლელად მიმართა. მეწყერით დაზარალებულები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.
„ველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელიც არაუგვიანეს 16 ივლისისა უნდა გაიმართოს, – ამბობს ხემაღალში მეწყერით დაზარალებული ირაკლი ხუციშვილი, – მოპასუხე მხარიდან და სასამართლოდან, ჯერჯერობით, არავინ გამოგვხმაურებია. ჩვენ ასევე ველოდებით პროკურატურისგან გამოძიების შედეგებს. გამოიძიება, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, 2026 წლის მარტში დაიწყო.
დაზარალებულმა ოჯახებმა გავასაჩივრეთ ირაკლი კობახიძის განკარგულება, რომლის თანახმად, ფულადი კომპენსაცია „ეკომიგრანტის“ სტატუსით განგვესაზღვრა.
მეწყერს რაც შეეხება, ნელ-ნელა ბზარები კვლავ იმატებს, მდინარე ყარნებაც შეგუბებულია. როგორც ვიცი, მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. არ ვიცი, ეს რამდენად შედეგიანი იქნება, თუ მეწყერი ერთბაშად დაიძრა, მაგრამ კარგია, თუ სიტუაცია კონტროლდება“.
ხემაღალში, მეწყერსაშიშ ზონაში, ცხოვრებას სამი ოჯახი – სულ ექვსი ადამიანი აგრძელებს.
„ჩემი დედამთილ-მამამთილი და რძალი ხემაღალში დაბრუნდნენ, – ამბობს მზია დევდარიანი, – მათი საცხოვრებელი სახლი ჯერ არ დანგრეულა. დაბრუნდნენ იმიტომ, რომ საკუთარ ჭერ-ქვეშ ცხოვრება უნდათ. საკომპენსაციო თანხით ვერაფერს ვყიდულობთ. იქ ახლა იმ სამ ოჯახს დენი არ აქვთ. წყალი გამოიყვანეს და „შლანგები“ მიწის ზემოდან დადეს.
საშიშია იქ ყოფნა, მაგრამ რა ვქნათ?! მოხუცებს საკუთარი ჭერი ურჩევნიათ. პერიოდულად სოფელში მე და ჩემი მეუღლეც ავდივართ. …ბზარები იმატებს. ახლა, წვიმების შემდეგ რომ გამოიამინდებს, მეწყერი უფრო საშიში გახდება“.
საქართველოს საპატრიარქოსგან გავრცელებული
ლაშე-ღვერკის მიმდებარედ, მდინარე ყარნებას შეგუბებული მონაკვეთის კონტროლისა და რისკების პრევენციის მიზნით, თანამედროვე მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა. რამდენად იძლევა ეს სისტემა ადამიანებისთვის […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში მეწყერიდან
დღეს, 3 ივნისს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრის