

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა საკრებულოში დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ქეთევან ზუმბაძისგან გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ამ ფრაქციის წევრების განცხადებები უპასუხისმგებლოა.
„ქალბატონ ქეთევანს შევახსენებ, თუ როგორ ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციის დისკრედიტაციას. ფაქტობრივად, ამ შენობაში თავის დამცველებად ჰყავდათ პოლიცია და არ უშვებდნენ მოქალაქეებს. შევახსენებ, რომ პირველი ოქტომბრის არჩვენების წინა ღამეს პოლიციიდან ურეკავდნენ ადამიანებს და მეორე დღეს დაჭერას ჰპირდებოდნენ,“ – აღნიშნა ვარლამ თავზარაშვილმა.
მან მოითხოვა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წარმოადგინონ დოკუმენტები, თუ რა პრობლემები აქვს ვარლამ თავზარაშვილს სამართალდამცველებთან.
„ესენი არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, როცა ჩემ ბიძაშვილთან, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის უფროს მალხაზ თავზარაშვილთან, რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ითქვა, რომ თუ არ დავტოვებდი ხარაგაულს, 15 წლით გამიშვებდნენ ციხეში და ხეიბარს დამტოვებდნენ.
ესენი არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, როცა პოლიცია დაჭერით ემუქრებოდა ჩვენს თანამებრძოლებს – პაატა გოგოლაძეს, გივი თხელიძეს, თემურ ფურცელაძეს და სხვებს იმის გამო, რომ მათ თითქოს ქრთამი აიღეს ივანიშვილისგან.
საუბრობენ ჩემს წარსულზე, რომ თითქოსდა ხუთასი ლარის თაღლითობისთვის დამაკავეს. ვიცი, ვის კაბინეტში დაიგეგმა ჩემი დაკავების ოპერაცია. 500 ლარისთვის ცამეტ წელიწადნახევარი მომისაჯეს – 5 წელი ციხეში და 8 წელი პირობითი სასჯელი მომცეს.“
დეპუტატმა აღნიშნა, რომ თორნიკე ავალიშვილის „ერთი ღამის ანცობა“ ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტს 30 ათასი ლარი დაუჯდა, როცა მან მანქანა ამოატრიალა.
„თორნიკე ავალიშვილი რომ არ არის დღეს ციხეში, ეს არის „ქართული ოცნების“ დანაშაული. კოჰაბიტაციას ამოფარებულ სხვა ადამიანებსაც არ უგიათ პასუხი უკანონო ქმედებებისთვის,“ – ამბობს ვარლამ თავზარაშვილი.
მან ისაუბრა ციხეში გატარებულ წლებზე და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას 6 კაციან საკანში 13 კაცს ამყოფებდნენ. დღეს კი მათი პოლიტიკური ლიდერები საკნებიდან ინტერნეტს და კომპიუტერს ითხოვენ და იღებენ კიდეც.
„ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში, როცა საკუთარი დედის დატირების საშუალება არ მომცეს. პირადად დავურეკე თორნიკე ავალიშვილს ციხიდან და ვთხოვე როგორც გამგებელს, რომ უზრუნველეყო ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლება და დედის დასაფლავებაზე მოვსულიყავი. დიაბეტით დაავადებულ ჩემს დას თორნიკე ავალიშვილმა უარი უთხრა წამლებით დახმარებაზე იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიის წევრად ოპოზიციური პარტიიდან იყო ჩასმული.“
ვარლამ თავზარაშვილმა ქეთევან ზუმბაძეს და თორნიკე ავალიშვილს „არშემდგარი პოლიტიკოსები“ უწოდა.
„მინდა ქეთევან ზუმბაძეს ვურჩიო – ბილობილი მიიღეთ და კლიმადინოლი – ორივე კარგი ექიმები ხართ. დაგჭირდებათ და გეცოდინებთ, რისი პრეპარატია.“
დეპუტატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესრულებულ დაპირებებზე – უფასო ჯანდაცვა, უფასო ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სახელმძღვანელოები და უფასო ტრანსპორტი მოსწავლეებისთვის, C ჰეპატიტის მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, უფასო საბავშვო ბაღები და ახლადდაგებული გზები.
„ჩვენ ხარაგაულის ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიშრომოთ. მე მათ ვთხოვე, ნუ მოვიქცევით ისე, რომ ხვალ და ზეგ, როცა ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ერთმანეთთან შეხვედრის პირი არ გვქონდეს-მეთქი. არ გვინდა, რომ გაქრეს „ნაციონალური მოძრაობა,“ მაგრამ სხვა საშველს არ გვაძლევენ.
ეს არის ჩემი პასუხი ქალბატონი ქეთევანის მიმართ. თორნიკე ავალიშვილზე არ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ის არის წარსული,“ – დასძინა დეპუტატმა.
ვარლამ თავზარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები – გივი თხელიძე, ვარლამ ჭიპაშვილი, შალვა ლურსმანაშვილი, გივი ხიჯაკაძე, ჯანდაცვის ცენტრისა და „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორები – შმაგი ხიჯაკაძე და თემურ ფურცელაძე.
გივი თხელიძემ აღნიშნა, რომ მთავარი დაპირება – სააკაშვილის საშინელი რეჟიმისგან გათავისუფლება, – შესრულდა – ყოფილი პრეზიდენტი გაქცეულია და პრემიერ-მინისტრი – დაკავებული.
ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, რომ საკრებულოს სხდომაზე მან მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაცია გააჟღერა. „მე მისთვის ბრალი არ წამიყენებია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ მეთქვა საკრებულოს სხდომაზე ის, რაც მოქალაქეებისგან მესმოდა, – რომ გამგეობას თორნიკე ავალიშვილის მამასთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული პროდუქტების შესაძენად. მე გადავამოწმე და ეს ფაქტი არ დადასტურდა,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის თქმით, პროფესიით ექიმმა დეპუტატებმა შეუსრულებელ დაპირებებზე არ უნდა ისაუბრონ, რადგან ჯანდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“