„ქართული ჯიშის, მიწის და კლდის ვარ,
ხარაგაულის მაღალი მთის ვარ.
ხან ვერხვი ვარ და ხანაც ძეწნა ვარ,
ჭირთამთმენი და ერთგულება ვარ,
ჩემი ოჯახის თბილი კერა ვარ,
შვილთაშვილების დიდი დედა ვარ“…

ეს ამონარიდია ლექსიდან, რომელიც ღვაწლმოსილ პედაგოგს, ჟუჟუნა გველესიანს მისმა მოსწავლემ, მანანა ცერაძემ 99 წლის იუბილეზე მიუძღნა.

ჟუჟუნა გველესიანი 1926 წელს ხარაგაულის რაონის სოფელ თეთრაწყაროში დაიბადა, ბესარიონ გველესიანისა და ნადეჟნა სებისკვერაძის ოჯახში.

„თეთრაწყაროში, სასტუმრო ოთახის კარზე ეწერა – 1926 წლის მარტს აკლდა ორი კვირა, როცა ოჯახში ქალი გაჩნდა, – იხსენებს ჟუჟუნა გველესიანის ქალიშვილი რუსუდან იოსავა, – ეს დედაჩემის ძმებს დაუწერიათ. გამოდის, რომ დედა უკვე ასი წლისაა, თუმცა, ოფიციალური საბუთების მიხედვით მისი დაბადების თარიღი 1926 წლის 10 ოქტომბერია“.

1945 წელს, ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჟუჟუნა გველესიანმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა.

მისი სამი ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. „დამრჩა მარტოდმარტო შავებში ჩაცმული დედა. ამიტომ იძულებული ვიყავი, დაუსწრებელზე მესწავლა“, – წერს თავად ქალბატონი ჟუჟუნა თავის მოგონებებში.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ჟუჟუნა გველესიანი ჯერ ხარაგაულის #1 სკოლაში მასწავლებლად, შემდეგ კი თეთრაწყაროს სკოლის გამგედ მუშაობდა. მისი ძალისხმევით თეთრაწყაროს დაწყებითი სკოლა რვაწლიან სკოლად გადაკეთდა.

1947 წელს ჟუჟუნა გველესიანმა ოჯახი შექმნა იროდიონ იოსავასთან ერთად. 1961 წლამდე კვლავ თეთრაწყაროს სკოლაში მუშაობდა. 1961-70 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა გორის #10 საშუალო, ხოლო 1961-1994 წლებში – გორის #13 საშუალო სკოლაში.

მრავალი ჯილდო, სიგელი და მადლობა დაიმსახურა ჟუჟუნა გველესიანმა ნახევარსაუკუნოვანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად. მათ შორის, დაჯილოდებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით.

პენსიაში გასვლის შემდეგ ცოლ-ქმარი – ჟუჟუნა გველესიანი და იროდიონ იოსავა თეთრაწყაროში დასახლდნენ.

„მამამ უმაღლესი საფეიქრო განათლება ივანოვოსა და მოსკოვში მიიღო, – გვიამბობს რუსუდან იოსავა, – დედა პერიოდულად ჩადიოდა მოსკოვში მამასთან. თუმცა, მის საქართველოში დაბრუნებამდე, ისევ თეთრაწყაროში ვცხოვრობდით.

1961 წლიდან გორში დავსახლდით, რადგან მამა გორის ბამბეულის ქსოვილების საფეიქრო კომბინატში გაანაწილეს. ის ათეული წლები ამ კომბინატში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, წერდა სამეცნიერო ნაშრომებს. პატიოსანი შრომით შექმნეს ოჯახი, სადაც დღემდე ჩვენს ყველა ნათესავსა და მეგობარს მოუხარია.

მშობლებს სამი შვილი ვყავდით – ჩემი ძმა ავთანდილი, მე და ელზა. 2009 წელს მამაჩემი გარდაიცვალა, 2019 წელს – ჩემი ძმა. ორივე მათგანი, მათი სურვილისამებრ, თეთრაწყაროში დავკრძალეთ.

…თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, დედ-მამას თეთრაწყაროში „მასტერაოთი“ მოვყავდით. გაზაფხულზე დედა მატარებლის ფანჯრიდან ამწვანებულ მთებს გახედავდა და გვეუბნებოდა, ასეთი ლამაზი ადგილი მსოფლიოში არ არსებობსო. ჩვენც უსაზღვროდ შეგვაყვარა ხარაგაული და თეთრაწყარო.

დედასგან ყველაზე მთავარი რაც ვისწავლეთ, ესაა გაჭირვებულზე დახმარება, სტუმართმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული. ასეთი სულისკვეთებით ზრდიდა ის თავის მოსწავლეებს. მათ არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარულს უნერგავდა, ადამიანობასაც ასწავლიდა.

განსაკუთრებით მზრუნველობდა შედარებით ცელქ და მოუსვენარ მოსწავლეებზე. ჟუჟუნა მასწავლებლის ხათრი დღემდე მომყვებაო, – ხშირად მეუბნებიან მისი ყოფილი მოსწავლეები.

ბოლო წლებია, დედა ფიქრებით სულ თეთრაწყაროშია, სულ თავის სოფელსა და ომში დაკარგულ ძმებზე გვესაუბრება“.

„ხარაგაულთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს, – ამბობს ჟუჟუნა გველესიანის უმცროსი ქალიშვილი ელზა იოსავა-ლეკვეიშვილი, – ახლაც გვინდა თეთრაწყაროში დარჩენა, მაგრამ სახლთან მისასვლელი გზა მეწყერმა წაიღო, აღარ გვაქვს წყალი. ამიტომ რამდენიმე საათით ჩამოვდივართ. იმ სახლს, სადაც მეორე მსოფლიო ომის სამი გმირი გაიზარდა, მისასვლელი გზა უნდა ჰქონდეს“…

ჟუჟუნა გველესიანი თავისი დიდი ოჯახით ბედნიერია. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები სიყვარულსა და სითბოს არ აკლებენ ამაგდარ დედასა და ბებიას. ღვაწლმოსილ ჟუჟუნა მასწავლებელს დიდი პატივისცემით იხსენებენ ყოფილი მოსწავლეები. 99 წლის იუბილეზე საყვარელ პედაგოგს მოსწავლეები სოციალურ ქსელში გამოეხმაურენ.

„საუკეთესო, მოსიყვარულე, დიდსულოვანო ჟუჟუნა მასწავლებელო, ბედნიერი ვარ, თქვენი მოსწავლეობა რომ მხვდა წილად“, – ამბობს მზია აბულაძე;

„მეათე სკოლა დავამთავრე. ჟუჟუნა მასწავლებელი გამორჩეულად გვიყვარდა და ახლაც გვიყვარს“, – წერს კახა კუთხაშვილი.

ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ ამაგდარ ქალბატონს, ასი წლის ჟუჟუნა გველესიანს თავის დიდ და საუკეთესო ოჯახთან ერთად.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ჟუჟუნა გველესიანი ქალიშვილ რუსუდან იოსავასთან ერთად; ჟუჟუნა გველესიანი ქალიშვილ ელზა იოსავასთან და ყოფილ მოსწავლეებთან ერთად