დღეს ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში. განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ხარაგაულშიც. შევეცადეთ გაგვერკვია, რა პერსპექტივები არსებობს ხარაგაულში ახალგაზრდების დასაქმებისთვის.

სილამაზის სალონის, „მარის“ მფლობელი მარიამ ნარსავიძე პოტენციური დამსაქმებელია. ის ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მიესალმება ახალგაზრდების მხრიდან დასაქმების სურვილს.

ხარაგაულის მოსწავლე-ახლგაზრდობის სახლის კინომოყვარულთა წრის მასწავლებელი ლიკა ხიჯაკაძე ამბობს: „ჩემი აზრით, ახალგაზრდების დასაქმება უმჯობესია 16 წლიდან, ოღონდ ფიზიკური დატვირთვის გარეშე. მუშაობისას მოზარდი დამოუკიდებლობას ეჩვევა, სწავლობს ფინანსების განკარგვას, თავისი შრომით ფულს გამოიმუშავებს და აღარ არის ოჯახზე დამოკიდებული. ჩემი კლასელები სკოლის პერიოდში, 16-17 წლისები რომ იყვნენ, ზაფხულობით მუშაობდნენ და სასკოლოდ ყველაფერს თავიანთი ხელფასით ყიდულობდნენ“.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის, ნინო ბერაძის აზრით, 14 წლის მოზარდებს დასაქმებით ხელი არ უნდა შეეშალოთ სწავლაში.

იურისტი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი განმარტავს: „18 წლამდე ასაკის პირის შრომით პირობებს, პირველ რიგში, აწესრიგებს „შრომის კოდექსი“, ასევე კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. თუმცა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს გარდა, მნიშვნელოვანია 2020 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც ეხება უშუალოდ 18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს. ამ ბრძანებაში დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ტიპის სამუშაოზე შეიძლება იმუშაოს არასრულწლოვანმა, რა დათქმები და წინაპირობები არსებობს და რა არის ასევე ის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც აკრძალულია ბავშვთა შრომა ამა თუ იმ ტიპის სამუშაოზე.

არასრულწლოვნის დასაქმების დროს გასათვალისწინებელია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტი, ევროპის საბჭოს სოციალური ქარტია, რომელზე ხელმომწერიცაა საქართველო. ეს საერთაშორისო აქტები ჩვენი საკანონმდებლო სივრცის ნაწილია და მათ უფრო ძლიერი მოქმედების ძალა აქვთ, ვიდრე ჩვენს შიდა კანონმდებლობას.

პირის შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლის ასაკიდან დგება. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ შრომითი ხელშეკრულება 14 წლის ასაკის პირთანაც დაიდოს. არასრულწლოვნის დასაქმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მის ინტერესებს, არ უნდა აყენებდეს ზიანს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, არ უნდა უზღუდავდეს სავალდებულო დაწყებითი ან საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

კანონით აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება ღამის გასართობ დაწესებულებებში, ფარმაცევტული ან ქიმიური ნივთიერებების საწარმოში, ტვირთის გადაზიდვებში; მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე. მოზარდის დასაქმება დაუშვებელია იქ, სადაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

16 და 16 წლამდე ასაკის ბავშვების დასაქმების დრო არის კვირაში 24 საათი და ზეგანაკვეთური 4 საათი – ჯამში 28 საათი. 16-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის კვირაში დასაშვები დასაქმების დროა 36 საათი და ზეგანაკვეთური – 6 საათი, – ანუ ჯამში 42 საათი.

არასრუწლოვანის დასაქმებამდე, კანონით სავალდებულოა, რომ მოზარდმა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ასევე სავალდებულოა დასაქმების დროს პერიოდული სამედიცინო შემოწმება, რადგან შეიძლება თავიდან ჯანმრთელმა დაიწყოს მუშაობა, მაგრამ შემდეგ შეექმნას პრობლემები.

14 წლამდე ასაკის ბავშვებს შუძლიათ ფილმებში, რეკლამებში მონაწილეობის მიღება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

შრომითი ხელშეკრულება დაიდება მოზარდთან. დასაქმების პირობები, მათ შორის ანაზღაურების საკითხი, უშუალოდ მოზარდთან თანხმდება“, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი

საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფუნქციონირებს. ამ სააგენტოს მიზანია, მოქალაქეთა დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა. დასაქმების მსურველი მოქალაქეები, ასავე დამსაქმებლები ამ სააგენტოს მიმართავენ. სააგენტოდან განგვიმარტეს, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმების მსურველმა არასრულწოვანმა უნდა მიმართოს ადგილზე სოციალური მომსახურების სააგენტოს, უნდა წარადგინოს მშობლის თანხმობა და სკოლის ატესტატი. შესაბამისი ვაკანსიის შემთხვევაში მას სააგენტოდან დაუკავშირდებიან.

nხარაგაულში კერძო სექტორი ნაკლებადაა განვითარებული და დასაქმების პერსპექტივაც მცირეა. მივმართეთ ხარაგაულში მოქმედ ქსელურ მაღაზია „მაგნიტს“, – ხომ არ აქვთ ვაკანსია და დაასაქმებენ თუ არა ვაკანტურ ადგილზე არასრულწლოვანს.

„მაგნიტის“ ადმინისტრაციიდან გვიპასუხეს: „მაგნიტს“ ხარაგაულში ორი მაღაზია აქვს – ერთი ხარაგაულში, მეორე – ბორითში. ამ ეტაპზე არც ერთ მაღაზიაში ვაკანსია არ გვაქვს, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვნების დასაქმების პრაქტიკა გაგვაჩნია“.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, რათა საკუთარ რეგიონში შეძლონ მუშაობა და განვითარება.

გიორგი ლომსაძე