ხარაგაულში, 2019 წლიდან, სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. აქ ხალხური ჰანგები და ზეციური გალობა ერთმანეთს ერწყმის.

აქაურობა თავისუფლებისა და შთაგონების წყაროა. ეს მე, როგორც ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. სწორედ ამ მეგობრულ ატმოსფეროში იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ ხარაგაულის სახელით ქართულ საგანძურს მთელ სამყაროს გააცნობენ.

ხარაგაულის სალოტბარო სკოლის საქმიანობის შესახებ მის მენეჯერს დალი მაღრაძეს, ხალხური სიმღერისა და გალობის პედაგოგებს, ლოტბარებს – მაია მაღრაძესა და ზურაბ გოგოლაძეს ვესაუბრეთ.

მაია მაღრაძემ სტუდენტობისას გადაწყვიტა, რომ სპეციალობად ხალხური სიმღერის პედაგოგობა აერჩია. დალი მაღრაძეს კი ხალხური სიმღერისადმი სიყვარული ოჯახიდან მოჰყვება. შემდეგ ის ხარაგაულის ანსამბლში მღეროდა. ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერისადმი სიყვარულმა გადააწყვეტინა, ახალგაზრდებისთვის ხალხური სიმღერის შემსწავლელი გუნდი შეექმნა.

„ვხედავდი, რომ მომავალ თაობაში იკარგებოდა ის ღირებულებები და ტრადიციები, რაც ჩვენს ფოლკლორში უხვადაა, რაც ახალგაზრდას პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, – ამბობს დალი მაღრაძე, – ქვეყანაში ფსევდო კულტურა უფრო ფასდებოდა და ფოლკლორის უნიკალური მარგალიტები, რომლებიც ლოტბარმა ივანე (ბიჭიკო) აბაშიძემ მოიძია, დავიწყებას ეძლეოდა.

თავიდან ანსამბლი „საუნჯე“ შევქმენით. იმ ანსამბლის ლოტბარი თამაზ კიკნაძე იყო. 2002 წლიდან მაია მაღრაძე შემოგვიერთდა. დღეს ის უკვე საქართველოში ცნობილი ლოტბარია.

სალოტბარო სკოლები საქართველოს 45 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წელიწადში რამდენჯერმე ფესტივალს ატარებს. გასული წლის ნოემბერში სალოტბარო სკოლების ფესტივალი გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 500 მოსწავლე იდგა სცენაზე და „მრავალჟამიერს“ მღეროდა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ამ გაზაფხულზე ახალციხეში, რაბათის ციხეზე, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტი იგეგემება.

სამომავლოდ გვსურს, რომ ხარაგაულის სალოტბარო სკოლაში სოლფეჯიოსა და ზეპირსიტყვიერების შემსწავლელი წრეები გაიხსნას“.

„სალოტბარო სკოლაში მოსწავლე ქართულ ხალხურ სიმღერებთან და გალობასთან ერთად, კულტურული ტრადიციების პატივისცემას სწავლობს, პატრიოტული გრძნობები უძლიერდება, – ამბობს მაია მაღრაძე, – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სალოტბარო სკოლის რომელიმე მოსწავლეს ხალხური სიმღერის მასწავლებლობის სურვილი გაუჩნდება და ამ საქმეს გააგრძელებს. ჩვენი მოსწავლე ალეკო მიქელაძე ზესტაფონის სალოტბარო სკოლის მასწავლებელია.

ქალბატონი დალისგან ურთიერთობაში შეუპოვრობა და ბრძოლის უნარი ვისწავლე. ყველა შემთხვევაში უნდა იყო შემართებით და საკუთარი პოზიციების დასაცავად ყველაფერი გააკეთო“.

„მგალობელი გაიგივებულია ანგელოზთან – ის არის ზეციური მომღერალი უფლის წინაშე, – ამბობს ზურაბ გოგოლაძე, – ხარაგაულის სალოტბარო სკოლის რეგენტი, – 12 წლის ვიყავი, ქუთაისში ტაძარში რომ დავდიოდი და გალობით დავინტერესდი. კანონიკურად მხოლოდ იმ ერთ ტაძარში გალობდა გოგონათა გუნდი. ჩემს ძმასთან და და მეგობარ დათო აბრამიშვილთან ერთად მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელ ლალი ხვედელიძეს ვთხოვეთ, გალობა ჩვენთვისაც ესწავლებინა. ძალიან მალე ავითვისეთ. შემდეგ თბილისში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლებელი დავამთავრე. გალობას ქუთაისშიც ვასწავლი. ხარაგაულში თავიდან მომღერალთა გუნდს ვამეცადინებდი. სალოტბარო სკოლა რომ გაიხსნა, მთხოვეს, რომ აქაც მესწავლებინა. უფლის წყალობით მოხდა ყველაფერი. სხვათაშორის, ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც ეროვნებით რუსი იყო, მგალობელი ყოფილა, ძალიან მორწმუნე. ნათესავს დაუსმენია, სახლში ხატებს ინახავსო. დაუჭერიათ და დაუხვრეტიათ. ჩემი სიყვარული გალობისადმი, ალბათ, წინაპრებიდან მოდის…

…ბავშვებისთვის გალობის სწავლება ჩემთვის დიდი სიხარულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავ მათ ციმციმა თვალებს, მონდომებასა და სიხარულს“, – ამბობს ზურაბ გოგოლაძე.

ნია თხელიძე