მესამე თვეა, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ახალგაზრდული მუსიკალური ბენდი მოქმედებს. ამ ბენდის წევრები კვირაში ორჯერ იკრიბებიან და მეცადინეობენ. ბენდის შექმნის იდეა ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეს, ბარბარე ბუაჩიძეს გაუჩნდა. ეს სურვილი მან მუსიკით დაინტერესებულ თავის მეგობარს ბარბარე ბარბაქაძეს გაუზიარა. შემდეგ ერთად ეძებდნენ ბენდში სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის მსურველებს. ასე აღმოაჩინეს ძმები ნიკოლოზ და ანდრია გველესიანები.

ერთ დღესაც, ბარბარე ბუაჩიძე და მისი მეგობრები ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მასწავლებელთან, დალი მერაბიშვილთან მივიდნენ და ბენდის შექმნის იდეა გაანდეს. შემდეგ სამუსიკო სკოლის დირექტორს, ლალი ალექსიძეს სთხოვეს, ბენდისთვის დარბაზი და ინსტრუმენტები დაეთმო.

„ძალიან გამიხარდა, ახალგაზრდები რომ მოვიდნენ და ჩვენს სკოლაში ბენდის შექმნა გადაწყვიტეს, – ამბობს ლალი ალექსიძე, – როგორც ჩანს, მათ ჩვენს სკოლაში მოქმედი უფროსების ბენდი მოსწონთ. სიამოვნებით დავუთმეთ დარბაზიც და ინსტრუმენტებიც. დიდი მონდომებით მეცადინეობენ“.

სოლო გიტარაზე ბარბარე ბუაჩიძე უკრავს, ბასგიტარაზე – ბარბარე ბარბაქაძე, დრამზე – ნიკოლოზ გველესიანი, კლავირზე – გიორგი ვეფხვაძე. სიმღერებისთვის ყველა ინსტრუმენტზე არანჟირებას მასწავლებელი დალი მერაბიშვილი აკეთებს. ის ასევე ასწავლის დაკვრას კლავიშიან ინსტრუმენტზე. გიტარის მასწავლებელია გია მეიფარიანი.

ბენდის წევრებს ძალიან უხარიათ და სიამოვნებთ ახალ-ახალი სიმღერების შესწავლა, ინსტრუმენტებზე აკორდებისა და ნოტების გარჩევა. ბენდის დამფუძნებელი ბარბარე ბუაჩიძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულში ახალგაზრდული ბენდის არსებობა ნიშნავს, რომ მომავალი თაობა მუსიკით დაინტერესებულია და საუკეთესო მუსიკალურ ტრადიციებს გააგრძელებენ.

ახალგაზრდული ბენდი ხარაგაულელების წინაშე 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რამდენიმე სიმღერით წარსდგება.

წარმატებებს ვუსურვებთ ბენდის წევრებს.