

დღევანდელ სამყაროში ენერგეტიკული სასმელები ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს სასმელები ხშირად აღიქმება, როგორც მარტივი საშუალება ენერგიისა და გამძლეობის გასაზრდელად. თუმცა, ბევრს არ უფიქრია, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ორგანიზმზე.
რეალურად, ასეთი სასმელები შეიძლება სერიოზულ ზიანს აყენებდეს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ზრდისა და განვითარების პროცესშია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე დაფიქრება და მისი უკეთ გაცნობა.
ენერგეტიკული სასმელების არასრულწლოვნებზე მიყიდვა კანონით აკრძალული არ არის. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორს, მოსწავლესა და ექიმებს მივმართეთ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვეფხვაძე: – „ბევრ კვლევას გავეცნი იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგეტიკული სასმელი ცუდ გავლენას ახდენს არა მარტო მოსწავლის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ფსიქოლოგიურზეც.
ეს სასმელი შეიცავს კოფეინს და ტვინის გამააქტიურებელ ნივთიერებებს. მისი მიღება დილას უზმოზე ბავშვის უკონტროლო ქცევას იწვევს. ამიტომაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მარკეტებში მისი მიყიდვა არასრულწლოვანებისთვის, ისევე როგორც კონტროლდება თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაში.
სკოლის შინაგანაწესიდან და მანდატურის სამსახურის მითითებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულ სასმელებს, ისევე როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლის შეტანას სკოლაში მკაცრად ვაკონტროლებთ. თუ შევნიშნეთ, რომ მოსწავლე ამ სასმელს შემოიტანს სკოლაში, აუცილებლად ვართმევთ. თუმცა არის მომენტები, როდესაც მოსწავლეს სასმელი მალულად შემოაქვს. მოსწავლის გაჩხრეკის უფლება არ გვაქვს, მანდატურსაც მხოლოდ ზედაპირულად დათვალიერების უფლება აქვს, შესაბამისი კომისიის წევრებთან ერთად“.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ექთანი ლალი შარიქაძე: „ენერგეტიკული სასმელის მიღება იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას, გულის რევის შეგრძნებას და მუცელში შებერილობას. ამ სასმელზე დამოკიდებულება ალბათ უფრო ფსიქოლოგიურია – ერთხელ დალევის შემდეგ მოზარდს სურვილი უჩნდება, რომ ეს სასმელი კიდევ მიიღოს“.
პედიატრი ანა მაღრაძე: „მოზარდებში გახშირდა ენერგეტიკული სასმელით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები და ჩივილები. იყო შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანს, ამ სასმელის ხშირი მიღების გამო მაღალი არტერიული წნევები დაეწყო. ენერგეტიკული სასმელი იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას, შფოთვას, დეპრესიულობას.
დიდი სურვილი მაქვს, რომ ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა არასრულწლოვნებზე აიკრძალოს. ამ მოთხოვნით ექიმებმა პარლამენტში პეტიციაც გავაგზავნეთ“.
„ენერგეტიკული სასმელი არასდროს შემიძენია, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე, – რადგან ვიცი, რომ მისი მიღება მოზარდებისთვის საზიანოა. ამ სასმელის მიღების შემდეგ მოსწავლეს ემატება ენერგია და მისი ქცევა უკონტროლოა. გაკვეთილზე კი ეს ხმაურისა და სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზიც ყოფილა“.
მართა დავაძე
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი