ხარაგაულში ერთ-ერთ პრობლემად მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა მიიჩნევა. ამ თემაზე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს გავესაუბრე და მათი აზრი მოვისმინე.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დაწყებითი კლასების პედაგოგი მედეა უჩიძე ამბობს: „მიუსაფარი ძაღლები არიან სულიერები, რომლებსაც უნდათ საჭმელი, თავშესაფარი; სჭირდებათ გარემო, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ. ქუჩაში მყოფი მიუსაფარი ძაღლები, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ხელისუფლებამ უნდა გამონახოს საშუალება, რომ მიუსაფარი ძაღლები იყვნენ იზოლირებული, დაცული, რომ ჰქონდეთ თავიანთი თავშესაფარი“.

სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი თორნიკე ბაკურაძე ასევე მიიჩნევს, რომ „აუცილებელია მიუსაფარ ცხოველებს ჰქონდეთ თავშესაფარი. სკოლა-გიმნაზიის წინ ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლია და ისინი ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ“.

დაწყებითი კლასების მოსწავლეები – მარიამ მეგრელიშვილი და ანდრია მჭედლიძე სკოლიდან დიდ დასვენებაზე საჭმლის საყიდლად შიშით გადიან, – შესაძლოა, მიუსაფარმა ძაღლებმა საჭმელი წაართვან.

ცხოველთა უფლებადამცველი ინგა ზუმბაძე ამბობს: „აუცილებელია, ყველა ადამიანმა გაითავისოს, რომ მიუსაფარი ცხოველები სულიერები არიან. მათ უნდა დავეხმაროთ საკვებით, პატარა საცხოვრებელი სახლების მოწყობით, რომ ღამით და ცუდ ამინდში თავშესაფარი ჰქონდეთ. თავად, რაც შემიძლია, ვზრუნავ მიუსაფარ ძაღლებზე საკვებით, მედიკამენტებით. თუმცა, მარტო მე რას გავხდები. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ და მიუსაფარ ცხოველებს თუნდაც ერთი ნაჭერი პური მივაწოდოთ. მადლობას ვუხდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, ამ საქმეში გაწეული დახმარებისთვის. ხშირად მეუბნებიან, ძაღლების გამოკვებას, ადამიანებს დაეხმარეო. დავეხმარები მოხუცს, რომელსაც არ შეუძლია. თუმცა, ჯან-ღონით სავსე ადამიანს, რომელსაც საქმის გაკეთება ეზარება, არ დავეხმარები“.

ამ სტატიაზე მუშაობისას გავარკვიეთ, რომ მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის #92 დადგენილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი პროგრამა დამტკიცდა. ამ პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2027-2028 წლებში გათვალისწინებულია რეგიონის ცენტრებში, მათ შორის იმერეთიდან ქუთაისში – მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა; ასევე იგეგმება: პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და ვაქცინაცია; ხოლო მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია და მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა.

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები 2027 წელს იმერეთში 28 120 პატრონიან და  3 775 მიუსაფარ ძაღლს ჩაუტარდება, ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში მომავალ წელს სულ იმერეთიდან 37 500 მიუსაფარ ძაღლს გადაიყვანენ და მოემსახურებიან.

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარების შემდგომ ძაღლებს ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ. აკრძალულია ძაღლის საბავშვო ბაღებთან და სკოლებთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.

ანასტასია ნიქაცაძე