საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, 13:00 საათზე დაიწყება.

ამ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქს გამოარჩევენ.

კრებას 1200-მდე დელეგატი დაესწრება. გაფართოებული კრების შემადგენლობაში არიან: წმინდა სინოდის წევრები, თითოეული ეპარქიიდან ორი სასულიერო და ერთი საერო წარმომადგენელი, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების დელეგატები, მონასტრების წარმომადგენლები, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, მცხეთა-თბილისის ეპარქიის დამატებითი დელეგატები.

კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად კენჭისყრაში მხოლოდ წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები მონაწილეობენ. გაფართოებული კრების დანარჩენ მონაწილეებს, – სასულიერო პირებსა და ერისკაცებს, – მხოლოდ სათათბირო ხმა აქვთ, ანუ პატრიარქობის კანდიდატებზე მხოლოდ აზრის გამოთქმა შეუძლიათ და უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

კრებაზე დაგეგმილია პატრიარქობის კანდიდატთა და ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატების სიტყვით გამოსვლები. ვინ იქნება საქართველოს 142-ე პატრიარქი, დღესვე გახდება ცნობილი.

საქართველოს ეკლესიის დებულების თანახმად, პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ხმის უფლება წმინდა სინოდის წევრ 39 მღვდელმთავარს აქვს.

თუ პირველ ტურში საჭირო რაოდენობის ხმებს ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, გაიმართება მეორე ტური, სადაც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

დებულების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქი სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე აირჩევა.

საქართველოს 142-ე პატრიარქი დღესვე დაასახელებს ახალი პატრიარქის აღსაყდრების თარიღს. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

პატრიარქობის კანდიდატები, 28 აპრილს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა შეარჩიეს.