

თანამედროვე სამყაროში ტურიზმი აღარ განიხილება, როგორც მხოლოდ დასვენებისა და გართობის საშუალება; ის გლობალური ეკონომიკის მძლავრი მამოძრავებელი ძალა და კულტურული დიპლომატიის უნიკალური ინსტრუმენტია. ახალი სამუშაო ადგილებიდან დაწყებული, ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებით დასრულებული. ეს სფერო ქვეყნებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
ხარაგაულში შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შემადგენლობაშია. დავინტერესდით ხარაგაულში ტურიზმის განვითარების პერსპექტივით და „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს გავესაუბრეთ.
– თქვენი სამსახურის შემთხვევაში რა იგულისხმება ტერმინში „შიდა ტურიზმი“. ეს გულისხმობს საქართველოს მასშტაბს თუ მხოლოდ ხარაგაულის მასშტაბს?
– „შიდა ტურიზმი“ მოიცავს ხარაგაულის მასშტაბს. ხარაგაულს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა განვითარებული ნაკლებად არის. ტურიზმის განვითარება, გარკვეულწილად, კერძო სექტორზეა დამოკიდებული. მათი მხრიდან თანხა არ არის ჩადებული ხარაგაულის ტურისტული განვითარებისთვის, თუ არ ჩავთვლით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სადაც ვიზიტორების რაოდენობა ხარაგაულიდან მცირეა. შემოსავლიანი ტურისტული ადგილები ხარაგაულში ძალიან მცირეა. გარდა ამისა, ტურიზმს სჭირდება სრული ინფრასტრუქტურა, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. შიდა ტურიზმით კი ვცდილობთ, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება და როდესაც შანსი მოგვეცემა, ხარაგაული წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაინც დროის ამბავია, რადგანაც ხარაგაულის ბუნება გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად მოიზიდავს ტურისტებს.
– წინა წლებთან შედეგებთან შედარებით, მოიკლო თუ გაიზარდა ლაშქრობებით დაინტერესებული პირების რაოდენობამ?
– ლაშქრობას სწორი ორგანიზება სჭირდება. ახალგაზრდებს თავიანთ ინტერესებზე მორგებული აქტივობა უნდა შევთავაზოთ. შარშან დავაარსეთ მოლაშქრეთა კლუბი სახელწოდებით „ნაცნობი ბილიკი“. ამის შესახებ ახალგაზრდებს ინტერნეტისა და სკოლის დირექტორების მეშვეობით ვაცნობეთ. შემდეგ დაინტერესებულ პირებს გავესაუბრეთ, თუ სად სურდათ ლაშქრობაზე წასვლა, როგორ და რა სერვისით.
– რამდენად ხშირად ეწყობა შიდა ტურისტული აქტივობების შესახებ შეხვედრები ახალგაზრდებთან და რას გეგმავთ ახლო მომავალში?
– პრეზენტაციის სიხშირე ღირსშესანიშნავი ადგილების სიახლეზეა დამოკიდებული. თუმცა, მოლაშქრეთა კლუბის გააქტიურებას ვაპირებთ და შესაბამისად, ახალგაზრდების ჩართულობასთან ერთად, აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება. განვითარება ნელი ტემპით მიდის, ამავდროულად გვაქვს სპეციალისტების დეფიციტიც.
– შარშან რა გაკეთდა ტურისტების მოსაზიდად და შედეგი რა იყო?
– ჩვენი ჩართულობით ტურისტების უშუალო მოზიდვა არ ხდება. თუმცა, ჩვენი ერთ-ერთი აქტივობით – „ჯომარდობა ჩხერიმელაზე“, ვფიქრობთ, ხარაგაულის პოპულარიზაცია ამ კუთხით შევძელით. ჩვენს მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ფესტივალი, ხარაგაულს განვითარებასა და ცნობადობაში წაადგება.
– წელს რა გაქვთ დაგეგმილი?
– წელს დავგეგმეთ: ლაშქრობები, პროექტი „გაიხარე და გამახარე“, „ყვავილების ფესტივალი“, დევების გამოქვაბულში უმცროსკლასელებისთვის ლაშქრობა-ტური, ჯომარდობა, სათავგადასავლო ტურ-თამაშები, ცხენოსანთა მსვლელობა, სპორტული თევზაობა, მხიარული ვიქტორინები, კარვების ბანაკი, ქვიშის ფრენბურთი, ვიდეოს მომზადება ხარაგაულის ტურისტული ადგილების შესახებ, ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები, ხარაგაულში წარმოებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა.
ნებისმიერი ჩვენი აქტივობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან არის შეთანხმებული. რესურსცენტრი შემდგომ ინფორმაციას გადასცემს სკოლებს, სკოლების ადმინისტრაცია კი – მოსწავლეებს.
– თქვენს მიერ დაგეგმილი ლაშქრობები უსაფრთხო და ადვილად დასაძლევია?
– მოსწავლეებისთვის ლაშქრობებსა და სათავგადასავლო ტურ-თამაშებს, ძირითადად, დევის ხვრელში, ცაშეკრულას კანიონსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვაწყობთ.
ამ ადგილებამდე მისასვლელი გზები უსაფრთხოა.
– როგორ წარმოგიდგენიათ ხარაგაულის შიდა ტურიზმის განვითარება მომავალში?
– ტურისტული განვითარების პოტენციალი ხარაგაულს ნამდვილად აქვს. ყველაზე აქტიური ტურიზმის სახეობაა ოჯახური ტურიზმი, რაც ბევრ მხარეშია განვითარებული და ხარაგაულსაც შეუძლია ამ მხრივ განვითარდეს. ხარაგაულში ბევრი საინტერესო ადგილია. ზოგადად, ტურიზმი გარკვეულ მითებზე არის აგებული. თუნდაც დევის გამოქვაბულის ისტორია რომ ავიღოთ; ამ ყველაფერს კარგად „შეფუთვა“ და წარმოჩენა სჭირდება. მოვა დრო და ხარაგაულშიც იქნება ტურისტების სიმრავლე. შიდა ტურიზმს რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით, რომ ხელშემწყობი ვიყოთ განვითარებისთვის.
მაგდა მიქაბერიძე
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი