ხარაგაულში ღია ესტრადის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას ადამიანების ძვლები აღმოჩნდა.

„მდინარე ჩხერიმელასკენ ოთხი მეტრით გადავწიეთ საყრდენი კედელი, – გვიამბობს სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი რეზო კვინიკაძე, – პირველი წერტილოვანი ფუნდამენტი რომ გავჭერი, გამოჩნდა ძვლები. ასაკოვანი ხალხისგან მომისმენია, რომ აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში „ხალხის მტრებად“ შერაცხული ადამიანები მოჰყავდათ, ხვრეტდნენ და აქ მარხავდნენ.“

რეზო კვინიკაძე ამბობს, რომ ხარაგაულში უნდა გამოიძებნოს ადგილი, სადაც გარდაცვლილთა ძვლებს დამარხავენ. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გაკეთდება 30-იანი წლების რეპრესირებულთა მემორიალი.

„თვენახევარია, ცელოფნის პარკში მაქვს ძვლები მოთავსებული და აქ ვინახავ. მოვიყვანე მაჟორიტარი დეპუტატი, გამგებლის მოადგილეები, მოძღვარი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ამბავს,“ – ამბობს რეზო კვინიკაძე.

ის ხარაგაულის პოლიციაშიც იმყოფებოდა, სადაც შესაბამისი აქტი შედგა.

„არ მინდა, ძვლები ასე ცელოფნის პარკში იყოს მოთავსებული. ჩემი ვარაუდით, ეს ხალხი აქ დასახვრეტად ღამის საათებში მოჰყავდათ. მას შემდეგ, რაც ეს ძვლები ვნახე, ღამის სამის ნახევრიდან მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ. მიცვალებულთა ძვლებს ადგილი ხომ უნდა მივუჩინოთ,“ – ამბობს რეზო კვინიკაძე.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძე ამბობს, რომ, შესაძლოა, იმ ადგილას გასული საუკუნის 20-ანი წლების მსხვერპლთა საფლავებია. მისი ვარაუდით, შესაძლოა, სხვაგან ხვრეტდნენ ადამიანებს, ასაიდუმლოებდნენ მათ საფლავებს და ხარაგაულში დღევანდელი ღია ესტრადის მიმდებარე ტერიტორიაზე მარხავდნენ.

ხარაგაულელ თენგიზ შერგელაშვილს ახსოვს, რომ ღია ესტრადის მიმდებარედ დასაფლავებული იყო ნოე ბუაჩიძე – თერგის ოლქის სახალხო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. საფლავზე იდგა მისი ბიუსტიც. თენგიზ შერგელაშვილის თქმით, ნოე ბუაჩიძის ცხედარი გადაუსვენებიათ ფარცხნალში. ბატონ თენგიზს ახსოვს, რომ ამ ადგილს „ძმათა სასაფლაოს“ ეძახდნენ.

„ღია ესტრადის ადგილას მინდორი და აკაციის ტყე იყო, – იხსენებს გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი, – მსმენია, რომ ღია ესტრადის საყრდენი კედლის უკან, მდინარის მხარეს, ორი ძმა შარიქაძეები იყვნენ დასაფლავებულები. ერთი მათგანი გადაასვენეს. მახსოვს ბიუსტიც, მხოლოდ ვის ეკუთვნოდა, არ ვიცი.“ ბატონი ჟორას თქმით, მისთვისაც ცნობილია, რომ ღია ესტრადის ადგილს „ძმათა სასაფლაოს“ ეძახდნენ.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 2008 წლის 16 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა იზა ვეფხვაძის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, იქ, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია გაშენებული, ამაღლებული ადგილისთვის ხალხს „გორა“ შეურქმევია. 1924-40 წლებში „გორა“ ხარაგაულელთა თავშეყრის ადგილი ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დროს იქ გაუჭრიათ სანგრები და სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. ომის დროს იქ დაუსაფლავებიათ სამი გარდაცვლილი: იმერეთ-სამეგრელოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ორთქმავლის მემანქანის თანაშეწმე  მიშა (მიხეილ) ჭიპაშვილი, ხარაგაულის რევკომის თავმჯდომარე იაკო შარიქაძე, მესამის ვინაობა უცნობია.

ომის დამთავრების შემდეგ ხარაგაულელ პედაგოგებს კოლია დეკანოსიძეს და კოლია სუხიშვილს ამ ტერიტორიაზე პარკის გაშენების იდეა გასჩენიათ. ამ დროს გაუშენებიათ აკაციის ხეივანი. დაისვა საკითხი მიცვალებულთა ცხედრების გადასვენების თაობაზე. ამ პროცესს ოთარ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. 1962-64 წლებში დაიწყო ღია ესტრადის მშენებლობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, ,გამგებლის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ღია ესტრადის რეკონსტრუქციის დროს აღმოჩენილი მიცვალებულების ძვლების ვინაობის დადგენისთვის საჭირო მოქმედებები. კომისიის შემადგენლობაში არიან იზა ვეფხვაძე, პაატა ფცქიალაძე, ირინე ჩხეიძე, ნანა კიკნაძე. კომისიას პაატა გოგოლაძე ხელმძღვანელობს.

ნინო კაპანაძე