მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა შეწყვიტა საქმის წარმოება სარჩელზე, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს ცილისწამება ედავებოდა.

სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე – დარბაზში არ გამოცხადდა არც თავად ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი. როგორც განხილვისას ითქვა, მათ არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, იმის მიუხედავად, რომ სარჩელი დაახლოებით 4 თვის წინ, 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაიბარეს.

ამაღლობელის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო მოპასუხე მხარის დაუსწრებლად. თუმცა, მოსამართლე კაჟაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე მას შემდე იმსჯელებდა, რაც გადაწყვეტდა, საქმე უნდა გადავიდეს თუ არა არსებითი განხილვის ეტაპზე.

მან განმარტა, რომ თუ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადავა, აღარ იქნება საჭირო იმაზე მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილება მოპასუხის დაუსწრებლად უნდა მიიღოს თუ არა.

მოპასუხის გამოუცხადებლობაზე კომენტარი გააკეთა თავად მზია ამაღლობელმაც. ამაღლობელმა თქვა, რომ მისთვის საინტერესოა, თუ როგორ აღიქვამს ის ირაკლი კობახიძის (ან მისი წარმომადგენლის) გამოუცხადებლობას – ძალაუფლების დემონსტრირებად თუ სასამართლოს უპატივცემულობად.

„შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ამ მხარეს. როგორც ვიცი არც შესაგებელი შემოსულა მოპასუხის მხრიდან. არ ვიცი ამას სასამართლო როგორ აღიქვამს, ეს არის მოპასუხის მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება, თუ სასამართლოს უპატივცემულობა.

არ ვიცი, არა მგონია სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებდეს. ჩემთვის საინტერესო იქნება სასამართლოს მსჯელობა ამაზეც“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელი კობახიძეს ედავებოდა ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, პატივისა და ღირსების შელახვის მცდელობას.

საქმე ეხება კობახიძის განცხადებებს, რომლებიც მან პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების – „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გააკეთა 2025 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა.

წყარო