88 ხარაგაულელი პირველკურსელი შეუდგა სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. სწავლის დაწყებამდე მათ საზეიმო გაცილება მოუწყო ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, გამგეობის კულტურის სამსახურმა.

ღონისძიების ორგანიზატორმა მამუკა ჭიპაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველკურსელთაგან ორი სტუდენტი, – ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ხიჯაკაძე და ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი კურტანიძე 70 პროცენტიანი გრანტის მფლობელები არიან. 50 პროცენტიანი გრანტით გახდნენ სტუდენტები ნოდარ ხიჯაკაძე (ვარძია), ჯაბა ხაჩიძე (ხევი), შალვა აბაშიძე, ანა დეკანოსიძე, ანა თავზარაშვილი, მარიამ მიქაბერიძე, თამთა ფანჯარაძე, თამარ ჩხიკვაძე (გიმნაზია) და მარიამ თხელიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა). ხარაგაულელ პირველკურსელთაგან 35 უფასო სპეციალობებზე ჩაირიცხა.

წლევანდელ 88 პირველკურსელს შორის 14 ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია, 8 – კიცხის საჯარო სკოლის, 8 – მარელისის, 8 – ბორითის. 6-მა კურსდამთავრებულმა ასახელა წელს ხევის საჯარო სკოლა, მათ შორის ორი სახელმწიფო გრანტის მფლობელია. 5-5 კურსდამთავრებული გახდა წელს სტუდენტი ვერტყვიჭალის, ლეღვნის, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლებიდან; მოლითის საჯარო სკოლიდან 3 ახალგაზრდა გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. 4-4-მა კურდამთავრებულმა მოიპოვა სტუდენტობის უფლება ბორისა და ვახანის სკოლებიდან. 2-2 კურსდამთავრებულია პირველკურსელებს შორის ხიდრის, ნადაბურის, ზვარეს, ვარძიის სკოლებიდან. სტუდენტები გახდნენ ლაშის, წიფისა და ღორეშის თითო-თითო წარმომადგენელი.

ხარაგაულში პირველკურსელებთან შეხვედრა ტრადიციად იქცა და ტურიზმის სამსახურის ინიციატივით წელს მესამედ გაიმართა. ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მისალმებებისა და მილოცვების შემდეგ ახალგაზრდებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც მათ ხარაგაულის ისტორიის საკითხებზე მოისმინეს ლექცია. საღამოს კი გაიმართა გასართობი კაფე-საღამო.

შეხვედრაზე პირველკურსელები დალოცა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წარმატებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა: „მეუფის ლოცვა-კურთხევით სამი თვეა, რაც დავინიშნე ხარაგაულის მოძღვრად. ძალიან შემიყვარდით ხარაგაულელები. ჩემთვის უზარმაზარი პატივია ის, რომ დღეს თქვენს გვერდით ვდგავარ, ხარაგაულის მომავალს მოვუწოდებ და ვულოცავ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წარმატება მოგცეთ უფალმა. ამინ.“

პირველკურსელები დალოცეს და წარმატებები უსურვეს საკრებულოს წევრებმა ვალოდა კელენჯერიძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა თინათინ ბოჭორიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.

პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის მილოცვა პირველკურსელებს დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მარი ბერაძემ გააცნო.

თანატოლებს სტუდენტობა მიულოცეს და გულთბილი შეხვედრისთვის მადლობა გადაიხადეს პირველკურსელებმა მარიამ თხელიძემ და თამარ ჩხიკვაძემ.

 

ლაურა გოგოლაძე

pirvelkurselebtan-chekhvedra-2 pirvelkurselebi-1 mariam-tkhelidze tamar-chkhikvadze