

სალომე კვირიკაშვილი კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. ამჯერად მან თურქეთის ქალაქ მარმარისში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“ ვოკალში პირველი ადგილი დაიმსახურა.
სალომე გვიამბობს, რომ ფესტივალი რამდენიმე კატეგორიად იყო დაყოფილი და მასში მევიოლინეები, პიანისტები, კლარნეტისტები და ვოკალისტები მონაწილეობდნენ.
„ვოკალის კატეგორიაში 25 კონკურსანტი ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, – გვიამბობს სალომე კვირიკაშვილი, – ძლიერი მომღერლები იყვნენ გერმანიიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. შევასრულე ნუნუ გაბუნიას „გაზაფხული, გაზაფხული“ და რევაზ ლაღიძის – „არ იფიქრო, დაგივიწყო.“ რვაწევრიანი ჟიურის შემადგენლობაში ორი ქართველი იყო, დანარჩენი – უცხოელები. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გალა კონცერტზე პირველი ადგილის მფლობელად გამომაცხადეს. მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა ის, რომ გავამართლე ჩემი გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრების იმედები.“
სალომე კვირიკაშვილის ფესტივალში მონაწილეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სალომე მადლობას უხდის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს თანადგომისთვის.
მარმარისში სალომესთან ერთად ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე იმყოფებოდა. „მაღალ დონეზე ორგანიზებული ფესტივალი 6 სექტემბერს გაიხსნა, – გვიამბობს ლალი ალექსიძე, – 8 სექტემბერს გამოვიდა სალომე. ძალიან კარგად შეასრულა ორი ქართული სიმღერა. უძლიერესი კონკურენტები ჰყავდა. შედეგების გამოცხადებამდე მთელი ღამე არ მეძინა. ფესტივალის დახურვის დღეს გამოაკრეს გალა კონცერტის ათი მონაწილის სია. მათ შორის იყო სალომე, თუმცა საპრიზო ადგილების შესახებ ისევ არაფერი ვიცოდით. ადგილს ვეღარ ვპოულობდი სიხარულისგან, სალომეს სახელი და გვარი რომ გავიგონე. გრანპრი პიანისტებმა, კლარნეტისტებმა და მევიოლინოეებმა დაიმსახურეს. საქართველოს საზღვრებს გარეთ ვაჩვენეთ, როგორი სიმღერა ვიცით ქართველებმა და ხარაგაულელებმა. სალომე უკვე სახელგანთქმული მომღერალია.“
ლალი ალექსიძის თქმით, გამოცდილებისა და ურთიერთობების შესაძენად ფესტივალებსა და კონკურსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
წელს სალომე ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის მუსიკალური სკოლის შვიდწლედს დარეჯან გვაძაბიას ხელმძღვანელობით ამთავრებს. ის ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. ამბობს, რომ სწავლას დიდ დროს უთმობს.
არაერთი მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული კონკურსანტისთვის დღემდე საუკეთესო მოგონებად რჩება 2009 წელს ხარაგაულში ჩატარებული მუსიკალური კონკურსი „დო, რე, მი.“ სალომე კვირიკაშვილი უზომოდ მადლიერია ამ კონკურსის ორგანიზატორის, დალი მერაბიშვილის. მომავალშიც ულევ წარმატებას ვუსურვებთ სალომეს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: სალომე კვირიკაშვილი და ლალი ალექსიძე ჟიურის წევრთან, იტალიელ პიანისტ პროფესორ ფილვიო ტურისინისთან ერთად
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“