დღეს, 18 მარტს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

ამ სხდომის შემდეგ გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.