უახლოეს დღეებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას დაიწყებს.

პროგრამის შესახებ ხარაგაულელ მეფუტკრეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ვაჟა ქადაგიძე ესაუბრა.

მისი განმარტებით, პროგრამის მიზანია საფუტკრე მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მეფუტკრეობის კოოპერატივებს.

პროგრამის ფარგლებში სააგენტო შეისყიდის ჩარჩოიან სკებს და შეღავათიან ფასად – სკების ღირებულების 30%-ის ოდენობით გადასცემს კოოპერატივებს.

ვაჟა ქადაგიძემ ხარაგაულელ მეფუტკრეებს კოოპერატივების შექმნის პრინციპები და უპირატესობები გააცნო. კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა მაღალმთიან სოფლებში არ უნდა იყოს ხუთზე, ხოლო სხვა დანარჩენ სოფლებში – თერთმეტზე ნაკლები. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. კოოპერატივის წევრთა კვალიფიციურობასა და გადამზადებაზე მუდმივად იზრუნებს სახელმწიფო.

„დღეს საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესებაა ქართული თაფლის მიმართ. ამიტომ ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ვაჟა ქადაგიძემ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ ხარაგაულში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს ადმინისტრაცული შენობის მესამე სართულზე. ტელ.: 595 85 83 80.

shekhvedra_kooperativebze