

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა და წყალაფორეთში სკოლებისთვის ახალი შენობების აგებას, უკვე წლებია, უშედეგოდ ელიან.
საღანძილეში 2023 წლის აპრილში სკოლასთან ახლოს მეწყერის გააქტიურების გამო სკოლის შენობაში სწავლა საფრთხის შემცველი გახდა, ამის გამო 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე სკოლა ამავე სოფლის საბავშვო ბაღის მეორე სართულზე განაგრძობს სასწავლო პროცესს.
საღანძილის სკოლაში 44 მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეთა კონტინგენტს სკოლაში ამ დრომდე უცვლელად ინარჩუნებენ, სხვა სკოლაში მოსწავლეები არ გადასულან და პირველ კლასში, სექტემბრიდან, 4 მოსწავლეს ელოდებიან.
„სასწავლო პროცესს ნორმალურად ვმართავთ და ჩვენს პირობებში, რამდენადაც შეგვიძლია, მოსწავლეებს არაფერს ვაკლებთ. ხმაური გვაწუხებს და ფართიც არასაკმარისია, მაგრამ მაინც მადლობლები ვართ, რომ საბავშვო ბაღის შენობაში შემოგვიშვეს.
ორი კვირის წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აქ და გვითხრეს, რომ საბავშვო ბაღის შენობაზე ფართის მიშენების საკითხს განიხილავენ და ამისთვის საჭიროა განათლების სამინისტროს თანხმობა. ხელმოწერები შევაგროვეთ და გავაგზავნეთ.
რომელ ოთახებშიც ვართ, ნაწილი მაინც ასე იქნება და დაემატება კიდევ დამატებითი ფართი. არც ბაღს დავაზარალებთ და ჩვენც უკეთესად ვიქნებით. რა თქმა უნდა, სკოლას თავისი სტანდარტები აქვს. თუმცა, საჭიროა ეს პროექტირებისას გაითვალისწინონ. ახლა მთავარია, შესაბამისმა სტრუქტურებმა ამის ნება მოგვცენ“, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი.
საღანძილის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ გვითხრა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად, სკოლისთვის ახალი შენობის აშენებას საღანძილის საბავშვო ბაღის გვერდით, ძველი მაღაზიის შენობის ადგილას ფიქრობენ.
„საღანძილეში მიწის სხვა ფართი, სადაც შეიძლება სკოლა აიგოს, ვერ ვნახეთ. ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზეა. ამ თემაზე ტელეფონით ვესაუბრე განათლების სამინისტროს წარმომადგენელს. თუმცა, ოფიციალურად არ მიგვიმართავს“.

წყალაფორეთის სკოლის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის ნოემბრიდან დაიწყო. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ არსებული შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. ამიტომ ძველი შენობა უნდა დანგრეულიყო და მის ადგილზე ახალი აშენებულიყო. წყალაფორეთის სკოლის ძველი შენობა 2022 წლის ივლისში დაანგრიეს. ახალი შენობის ასაგებად ტენდერი განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. ამ ტენდერში მონაწილე სამშენებლო კომპანიას, ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მას შემდეგ უცნობია, როდის დაიწყება წყალაფორეთის სკოლის მშენებლობა და რა არის ხელახალი ტენდერის გამოუცხადებლობის მიზეზი.
2020-2022 წლებში წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები ვარძიის სკოლაში სწავლობდნენ, ხოლო 2022 წლიდან – წყალაფორეთიდან 15 კილომეტრით დაშორებულ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის თეთრაწყაროს კორპუსში მეცადინეობენ.
წყალაფორეთის სკოლის დირექტორი ნათია დვალი ამბობს, რომ გასულ სასწავლო წელს 7 მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში, რადგან მოსწავლეებს ყოველდღიურად სკოლამდე და უკან 30 კმ-მდე მანძილის გავლა უწევთ.
„მას შემდეგ სკოლიდან მოსწავლეთა გადინება აღარ ყოფილა. ამჟამად წყალაფორეთის სკოლაში 26 მოსწავლე სწავლობს და სამ მოსწავლეს ველოდებით, სექტემბრიდან, პირველ კლასში. სკოლის ახალი შენობის აგებაზე მუდმივად საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დირექტორების თათბირს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ეს საკითხი ამ შეხვედრაზეც დავაყენე. ყველა ხელმძღვანელი პირი საქმის კურსშია. იმედია, სასიკეთო ცვლილებები იქნება და სოფელი წყალაფორეთი სკოლის გარეშე არ დარჩება“.
2025 წლის 15 სექტემბრიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. ამიტომ სწორედ ამ ფონდს მივმართეთ შეკითხვით – როდის აშენდება წყალაფორეთსა და საღანძილეში სკოლების ახალი შენობები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან წერილობით გვაცნობეს: „ასაშენებელი ან სრულად სარეაბილიტაციო სკოლების პრიორიტეტს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მუნიციპალური განვითარების ფონდი შესაბამის სამუშაოებს აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისად განახორციელებს.
ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთისა და სოფელ საღანძილეს საჯარო სკოლები სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სიაში არ შედის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთისა და სოფელ საღანძილეს საჯარო სკოლების მშენებლობის დაწყების შესახებ“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: წყალაფორეთის სკოლის ტერიტორია დღეს;
წყალაფორეთის სკოლის შენობა 2020 წელს;
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა და წყალაფორეთში სკოლებისთვის ახალი შენობების აგებას, უკვე წლებია, უშედეგოდ ელიან. საღანძილეში 2023 წლის აპრილში […]
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში