

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს.
ერთ-ერთი მოსარჩელის, მარადი გელაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 16 იანვარს გამოცემულ #84 განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მათ, როგორც ეკიმიგრანტებს, საკომპენსაციო თანხა განესაზღვრათ; გენერალური პროკურატურისგან კი ითხოვენ გამოძიების ჩატარებას, თუ რამ გამოიწვია მეწყერი ამ ორ სოფელში.
„ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ. ამიტომ ასეთი სტატუსი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, – ამბობს მარადი გელაშვილი, – დარწმუნებულები ვართ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.
2019-2020 წლებში, როცა ლაშის ტერიტორიაზე სარკინიგზო გვირაბი შენდებოდა, ლაშის სკოლის შენობის უკანა მხარეს ნაპრალი გაჩნდა. მაშინ რკინიგზის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ დიდიძეებისა და შარვაძეების სახლების ეზოებში „დრენაჟები“ მოაწყო. თუმცა, ნაპრალი ისევ გაჩნდა.
გეოლოგიურ კვლევაში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ჩატარდა, მეწყერის სიღრმე-სიგანე, მისი მოძრაობის მიმართულება და რისკებია დადგენილი. ამ დასკვნის მიხედვით, ქანები გამორეცხილი იყო და მრავალი ასწლეულის განმავლობაში იშლებოდა. მაშინ ამ ტერიტორიაზე გვირაბის მშენებლობა და აფეთქებითი სამუშაოები საერთოდ არ უნდა წარმოებულიყო.
გარდა ამისა, ღვერკი და ხემაღალი გეოლოგიურ რუკაზე 2017 წლიდან მაღალი რისკის მეწყერსაშიშ ადგილად ყოფილა მიჩნეული, რაც ჩვენ ამ დრომდე არ ვიცოდით. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რომ მეწყერსაშიშ ადგილზე ასეთი დიდი მშენებლობა დაიწყო.
ჩვენ არ ვართ ეკომიგრანტები, ჩვენ რკინიგზის მშენებლობის გამო დაზარალებულები ვართ. ამიტომ უნდა აღიწეროს ყველაფერი – საცხოვრებელი სახლები, დამხმარე ნაგებობები, სახნავ-სათესი სავარგულები და საკომპენსაციო თანხაც ამის მიხედვით განისაზღვროს. 112 დაზარალებული ოჯახიდან მხოლოდ ხუთმა მოაწერა ხელი, რომ ეკომიგრანტია და გამოყოფილ 30 ათას თუ 50 ათას ლარს მიიღებს.
არავინ იფიქროს, რომ ფულის გულისთვის ვდავობთ. ჩვენთვის მთავარია, სიმართლე დადგინდეს.
სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. პროკურატურამ საქმე აღძრა და გამოკითხვაზეც ვიყავით. დაგვპირდნენ, რომ საქმეს ადგილზე შეისწავლიან და სოფელში მოვლენ. სასამართლოსა და პროკურატურაში თუ ვერაფერს მივაღწიეთ, აუცილებლად საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ. ტყუილს სიმართლედ არავის გავასაღებინებთ“.
ხემაღალში მცხოვრები მზია დევდარიანი ამბობს, რომ მიწაზე ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება. ქალბატონი მზია გასულ კვირაში დამეწყრილ სოფელში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა, რომ მის საცხოვრებელ სახლს და მეწყერს ხუთიოდე მეტრი აშორებს.
„ეს ბუნებრივი მეწყერი არ არის. ეს არის რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებისგან გამოწვეული, – ამბობს მზია დევდარიანი, – კომპენსაციის აღებას არ ვაპირებთ, რა უნდა შევიძინო 50 ათასი ლარით?! არ ვარ ეკომიგრანტი. საშიშროება მატულობს. ნაპრალები იზრდება. ვფიქრობ, რომ შოვის მეწყერი მონაგონი იქნება, რაც აქ შეიძლება დატრიალდეს“.
ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ინჟინერ-გეოდეზისტი კახა კიკნაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის დაზარალებულ მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს, რომ დამეწყრილ სოფლებში მისვლისგან თავი შეიკავონ:
„ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასების გადაადგილება მდინარე ყარნებას მიმართულებით. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს არ შეგიძლიათ არ ახვიდეთ და არ ნახოთ, თუნდაც მიწასთან გასწორებული თქვენი ეზო და სახლი.
მეც მიმძიმს რასაც ვწერ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს. ნებისმიერი მიწის მასის გადაადგილების დროს, ინტერესის ან გადაღების გამო არ გაჩერდეთ ტერიტორიაზე. არაა გამორიცხული, მთლიანად დაიძრას ტერიტორია. ასევე, ძალიან საშიშია მდინარის დაგუბების მომატება.
თუ ვინმე შეამჩნევთ მიწის მასის ჩაშლის ან დაგუბების მომატების პროცესს, აუცილებლად დაწერეთ ან დაურეკეთ შესაბამის სამსახურებს, რადგან მდინარის დაგუბება, რომელიც აუცილებლად მოიმატებს, დიდ საფრთხეს უქმნის მთლიანად ხეობას. სიმართლე დადგინდება. არ შეგაშინოთ არავინ.
ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვეს თქვენს მოსატყუებლად, თვითონაც არ იციან ჯერ. თავს გაუფრთხილდით! იბრძოლეთ ბოლომდე“!
2 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად, დამეწყრილ სოფლებში იმყოფებოდა.
ამ ინფორმაციის თანახმად, „სპეციალისტებმა მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების კერა დაათვალიერეს და მიმდინარე პროცესები დეტალურად შეაფასეს. დამატებით განხორციელდა სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული ვითარების შესწავლა.
შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს არც მოსახლეობისთვის და არც მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის – რკინიგზისა და საავტომობილო გზისთვის“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაში კი ვკითხულობთ: „ღვერკი-ხემაღალის 68 ჰა-ზე განვითარებული მეწყერი ფასდება როგორც ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი. მისი ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერი საქართველოში არსებულ 50 ათასამდე მეწყერს შორის ტოპ-სამეულშია
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ერთ-ერთი მოსარჩელის, მარადი გელაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულები […]
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის, გოლათუბნისა და