ხარაგაულში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 2250-ზე მეტი ადამიანი აიცრა, 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე. რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და როგორი ეპიდვითარებაა იმერეთში ამჟამად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

„იმერეთში რესპირატორული ინფექციების სეზონისთვის დამახასიათებელი ვითარება გვაქვს. არანაირი გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ძალიან კარგად ჩატარდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, – წლევანდელ სეზონზე 26 ათასამდე მოქალაქე არის მხოლოდ იმერეთში ვაქცინირებული. ეს, ბუნებრივია, შედეგს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს იმუნური ფენა, რომელიც იცავს ჩვენს მოსახლეობას გრიპისა და გრიპისმაგვარი ინფექციების გართულებებისაგან; რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება.

იმერეთის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ვაქცინაციის კუთხით, ხარაგაულშია და ეს ნამდვილად აისახა ეპიდვითარებაზე.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ როდესაც გაციება იწყება მაღალი ტემპერატურით, – 39 გრადუსი და მეტი, – აუცილებელია ექიმს უნდა მივმართოთ.

მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ წელს საქართველოში შემოსულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვებში 6 თვის ასაკიდან. აუცილებელია, რომ ბავშვებიც აიცრან, რადგან როდესაც ვრცელდება გრიპის ვირუსი, ბავშვებში თუნდაც ერთი აცრილიც რომ იყოს, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი წყდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობაში პრიორიტეტულია სეზონური ვირუსების შეკავება და ბავშვთა იმუნიზაცია.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ვაქცინაცია უფასოა და ეს ვაქცინები ადამიანს ბავშვობის ასაკიდან იცავს ბევრი გადამდები დაავადებისაგან. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელზეც, სამწუხაროდ, მოცვის მაჩვენებელი დაბალია.

ანტივაქსერულმა კამპანიამ ცუდად იმოქმედა ამ მიმართულებით. პაპილომავირუსზე აცრა არის საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებისგან დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა. სტატისტიკურად, ამ დაავადების მაჩვენებელი დღეისათვის მაღალია. ვაქცინაციამ ეს დაავადება მინიმუმამდე უნდა შეამციროს“.

თამთა გოგოლაძე