

დედა ის ადამიანია, ვინც დაღლილობას ღიმილით ფარავს, ტკივილს – მოთმინებით, სირთულეებს – იმედით. დედის ძალა უხილავია, თუმცა მისი ძალა შვილის წარმატებაში ჩანს. მრავალშვილიანი დედობა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.
სოფელ ბორში მცხოვრები მელანო ნათენაძე ოთხი შვილის დედაა. 28 წლის წინ მან ოჯახი ჰამლეტ ბერაძესთან ერთად შექმნა. დედის დღესთან დაკავშირებით, როგორც მრავალშვილიანი დედა, მელანო ნათენაძე „ჩემი ხარაგაულის“ სტუმარია.
– ქალბატონო მელანო, ყოველთვის გინდოდათ ბევრი შვილი გყოლოდათ?
– დიახ, ყოველთვის ბევრი შვილის ყოლა მსურდა. დედაჩემს ოთხი დედმამიშვილი ჰყავს, მამაჩემს – თორმეტი. ხალხმრავალ ოჯახში ვიზრდებოდი. ვერ წარმომედგინა, რომ ერთი ან ორი შვილი მყოლოდა. მე და ჩემი მეუღლე ჰამლეტი, თავიდანვე შევთანხმდით, რომ ღმერთი რამდენ შვილსაც მოგვცემდა, იმდენს გავაჩენდით.
ცხოვრების შუა ეტაპზე მეოთხე შვილი შეგვეძინა. ეს არ იყო ნაუცბათევი გადაწყვეტილება. მინდოდა, ოჯახში პატრიარქის ნათლული ყოფილიყო. ახლა ჩვენი ნაბოლარა ბერიკა უკვე ათი წლის არის. მადლობას ვუხდი უფალს, ბედნიერი დედა რომ ვარ. ცოტას ვნანობ, – კიდევ ორი შვილი რატომ არ გავაჩინე.
– გვიამბეთ თქვენს შვილებზე.
– ჩვენი ოჯახის პირველი სიხარული ფერიდეა. ის ახლა 27 წლისაა. ამჟამად ამერიკაში, ქალაქ ნიუ-იორკში მეუღლესთან, დავით კვანტრიშვილთან და ქალიშვილ ელეინთან ერთად ცხოვრობს. ფერიდე მოსწავლეობიდან წარმატებული იყო. ის „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა. სტუდენტობის დროს გაცვლითი პროგრამებით რამდენჯერმე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიიღო განათლება. ახლაც ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსებზე სწავლობს.
მეორე ქალიშვილმა, დეამ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა და დღეს „კაუკასუს აუტოში“ ბრენდ მენეჯერია. მესამე შვილი – გიგა თავისუფალი უნივერსიტეტის წარატებული სტუდენტია, ბერიკა კი ბორის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელია.
რვა თვის შვილიშვილ ელეინს ჯერ მხოლოდ ინტერნეტით „ვესაუბრები“. ჩემი მეუღლეა ახლა მათთანაა და ბავშვის გაზრდაში ეხმარება.
– მელანო, რაც მე თქვენს შესახებ მსმენია ისაა, რომ ბევრი საქმის მიუხედავად, ყველას მიმართ ერთნაირად გულისხმიერი ხართ. ამას როგორ ახერხებთ?
– ახლა, როცა ჩემი მეუღლე ამერიკაშია, ოჯახის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. გარდა საოჯახო საქმეებისა, ოჯახური ბიზნესიც გვაქვს – მეფუტკრეობა და მეღვინეობა. ფუტკრის მოვლა ადვილი არ არის. თუმცა, ისე ვეფერები, ვუმღერი და ვესაუბრები ფუტკარს, როგორც ადამიანებს.
ძალიან რომ დავიღლები, ვუსმენ მუსიკას, ვხატავ ან ვქარგავ. ჩემი პირველი დამხმარე და თუ შეიძლება ითქვას ფარი, ამ ცხოვრებაში, ჩემი მეუღლეა. გამიმართლა, საუკეთესო დედამთილ-მამამთილი რომ შემხვდა. მათ უდიდესი ამაგი აქვთ ჩემს შვილებზე.
წლების განმავლობაში სამეურნეო საქმიანობა არ მიწევდა. მხოლოდ შვილებზე ვზრუნავდი და დიდ დროს პროფესიულ განვითარებას ვუთმობდი. ახლა, როცა ჩემი მამამთილი – გიგა ბერაძე ცოცხალი აღარ არის, ოჯახზე ფიქრი და ზრუნვა მე და ჩემს მეუღლეს მეტად გვიწევს.
ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბედნიერი ვარ, ჩემი შვილები ასეთ ოჯახში რომ იზრდებიან. ნებისმიერი პრობლემის დროს, დედამთილ-მამამთილი სულ მეუბნებოდნენ, ნუ გეშინია, ესეც გაივლის, ჩვენ შენს გვერდით ვართო. განსაკუთრებული ურთიერთობები მაქვს ჩემს მულებთან და სიძეებთან. ჩვენს დიდ ოჯახში ერთობა და სიყვარულია.
– ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის მრავალშვილიანი ოჯახისთვის?
– დღეს სოფლად მცხოვრებ ბევრ ოჯახს ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვს. არ არის სამუშაო ადგილები, რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ. ადვილი არ არის შვილების გაზრდა. მას მარტო სულიერი საზრდო და სიყვარული არ ჰყოფნის; წამალი, საჭმელი, ტანსაცმელი სჭირდება. ამიტომ სახელმწიფო ახალგაზრდა ოჯახებს მხარში უნდა დაუდგეს.
ამერიკაში სამედიცინო მომსახურება უფასოა. ექიმმა რომ წამალი გამოუწერა ჩემს შვილიშვილს, სახლში კურიერმა ის წამლები აფთიაქიდან უფასოდ მიუტანა. უცხოეთში ბავშვიან ოჯახებს განსაკუთრებულად ეხმარებიან.
– თქვენ ბორისა და ბაზალეთის სკოლების ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით. რას ნიშნავს თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა?
– მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც გავალდებულებს, რომ ყოველდღე ისწავლო და განვითარდე. მუდმივად ვცდილობ, მოსწავლეებისთვის საინტერესო, განსხვავებული გაკვეთილები ჩავატარო. ბავშვებთან ვმეგობრობ, თითქოს მათი თანატოლი ვარ. ჩემი მოსწავლეები ძალიან მიყვარს და მათგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
ხელოვნების გაკვეთილები შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და გაძლიერების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ ჩემს გაკვეთილებზე მოსწავლეები სულ ფუსფუსებენ – ჭრიან, კერავენ, ხატავენ, აფერადებენ…
– რას უსურვებთ დედებს?
– ჩემს საყვარელ დედას მინდა მოვეფერო, მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს არაჩვეულებრივ დედამთილს. ყველა დედას ვუსურვებ, რომ ჯანმრთელად ჰყავდეთ შვილები, ისეთი პირობები ჰქონოდეთ, რომ შეძლონ შვილებისთვის ცოდნის მიცემა, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, ცხოვრებაში სწორი გზისა და მიმართულების მიცემა.
ნინო კაპანაძე
დედა ის ადამიანია, ვინც დაღლილობას ღიმილით ფარავს, ტკივილს – მოთმინებით, სირთულეებს – იმედით. დედის ძალა უხილავია, თუმცა მისი ძალა შვილის […]
ლიზა ბარბაქაძე 28-31 იანვარს პარიზის გლობალური მშვიდობის სამიტში მონაწილეობდა.
28 თებერვალს, დილით, ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანზე „პრევენციული“
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) დაასანქცირა ტელეკომპანია
სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა