სავარაუდოდ, 20 სექტემბრისთვის ხიდარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, – ამჟამად სრულდება ეზოს სამუშაოები. წყალი მიყვანილია, ელექტროენერგიაც მოწესრიგებული. ბაღში მიტანილია ყველა საჭირო ინვენტარი.“

ხიდრის შემდეგ საბავშვო ბაღი გაიხსნება ზვარეშიც, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ კონკრეტდება გახსნის თარიღი. ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, ზვარის საბავშვო ბაღშიც შეტანილია ინვენტარი და სრულდება ეზოს სამუშაოები.

მოსახლეობის მოთხოვნით, საბავშვო ბაღისთვის რემონტდება ღორეშაში ყოფილი საავადმყოფოს შენობა.

საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვს წიფისა და საღანძილის მოსახლეობა. წიფაში წლების წინ ფუნქციონირებდა ბაღი. შემდეგ კონტინგენტი შემცირდა და ბაღი დაიხურა. საბავშვო ბაღის შენობა ნორმალურ მდგომარეობაშია. ერთი კედელი დაბზარულია და სახურავი გამოსაცვლელი, მაგრამ შენობა მოვლილია და შესაძლებელია საბავშვო ბაღისთვის გარემონტება. წიფაში ოცი სკოლამდელის მშობელს სურს, რომ მისი შვილი დადიოდეს საბავშვო ბაღში.

საღანძილელი ბავშვები ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში დადიან და მშობლებს, განსაკუთრებით ზამთარში, უჭირთ მათი ტრანსპორტირება.

ხევის საბავშვო ბაღში ითხოვენ მეორე ჯგუფის დამატებას. ამჟამად 27 აღსაზრდელი ირიცხება ბაღში და 23 ბავშვის მშობლის განცხადება აქვთ.

სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი ჯგუფი გაიხსნას ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში, რადგან სკოლამდელთა კონტინგენტი დიდია, – 38 ბავშვის მშობლის განცხადებაა. ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი ორჯგუფიანი იყო. აღსაზრდელთა რაოდენობა რომ შემცირდა, ერთ ჯგუფი დარჩა და შტატებიც გაუქმდა. ახლა, რადგან კონტინგენტმაც მოიმატა და საბავშვო ბაღში პირობებიც გაუმჯობესდა, მოსახლეობა ითხოვს ვერტყვიჭალის ბაღში მეორე ჯგუფის დამატებას,“ – ამბობს ირმა სებისკვერაძე.

ლაურა გოგოლაძე