ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ახორციელებს.

ამ პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია დაბა ხარაგაულსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარში გადასაყვანად, სამედიცინო მანიპულაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, პარაზიტებზე დამუშავება, იდენტიფიცირება ყურის კლიპის მეშვეობით, ცოფზე აცრა) ჩასატარებლად. ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ მიუსაფარი ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნონ.

2025 წელს „ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ბიუჯეტით, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის 9 300 ლარი იყო განსაზღვრული. ამ თანხიდან მხოლოდ 1 704 ლარი გაიხარჯა. 2026 წელს კი ამ მიზნით 17 000 ლარია დაგეგმილი.

ხარაგაულში რამდენიმე გულისხმიერი ადამიანი ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურებისა და დაფინანსების გარეშე ზრუნავს. მათთვის ცხოველების დაპურება და საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობაც მხოლოდ ცხოვრებისეული მოწოდება, ბუნებრივი და ღირსეული საქმიანობაა.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მიუსაფარი ძაღლების პრობლემას პერიოდულად ვაშუქებთ. ამჯერად ამ თემაზე თქვენს ყურადღებას ერთ-ერთი ასეთი მზრუნველი ქალბატონის, მაყვალა სულაქველიძის, გულისტკივილის გამო შევაჩერებთ.

მაყვალა სულაქველიძემ საკუთარ ეზოში ქუჩიდან მიყვანილი 14 კატა და 9 ძაღლი შეიფარა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან წამოსვლის გამო, მათი შენახვა ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, შეფარებულ ცხოველებს ვერ ღალატობს და მათ მზრუნველობას მაინც არ აკლებს. საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით ყიდულობს მათთვის წამლებსაც.

მაყვალა სულაქველიძეს გული სტკივა, უფრო მეტ მიუსაფარ ცხოველს რომ ვერ კვებავს და, ამასთანავე, ძალიან წუხს იმაზე, რომ ზოგიერთ ხარაგაულელს მისი ეს საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსებული ვალდებულება ჰგონია.

ქალბატონი მაყვალა იხსენებს, რომ მას და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ კიდევ რამდენიმე ხარაგაულელს სამი წლის წინ მერიამ ცხოველების საკვები ტომრებით გადასცა. ამის გამო ის მადლიერია და ამბობს, რომ ანალოგიურ შეთავაზებაზე უარს არავინ არასდროს იტყვის.

თუმცა, როგორც ქალბატონი მაყვალა აცხადებს, თუ ეს საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მზრუნველებს ხელფასებს დაუნიშნავენ, – ასეთ შემთხვევაში სიამოვნებითა და დიდი კმაყოფილებით დაუთმობს ამ საქმიანობას სხვას, – ვინც ამაში ანაზღაურების მიღებას მოინდომებს.