სოფლის საექიმო ამბულატორიების საჭიროებების მოგვარება, ათეული წლებია, პრიორიტეტულ გამოწვევად რჩება. სოფლის ექიმების შეფასებით, პრობლემათა შორის ამჟამად უმთავრესი საექიმო ამბულატორიების ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა მაღალმთიანი სოფელ ზვარის საექიმო ამბულატორიაშია. ეს შენობა მეწყერსაშიშ ზონაშია და გეოლოგების დასკვნის შესაბამისად, იქ საქმიანობა რეკომენდირებული არ არის. ზვარის ამბულატორიისთვის დაქირავებულ ხის საცხოვრებელ სახლში კი სამედიცინო მომსახურებისთვის არასათანადო პირობებია.

„ზვარეში საექიმო ამბულატორია 2006 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა, – ამბობს ამ ამბულატორიის ექიმი ნინო კობახიძე, – წლების განმავლობაში შენობის კედლები და სახურავი ნესტისგან დაზიანდა. 2017 წელს ზვარეში გააქტიურებული მეწყერით გამოწვეული პრობლემები დაგვემატა.

მეწყერსაშიშ ზონაში ვიმყოფებით და ამიტომ, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“, რომლის დაქვემდებარებაშიც 2022 წლიდან ვართ, ამბულატორიის შენობის რემონტისგან თავი შეიკავა. დაგვიქირავეს სახლი და ახლა ჩვენი სამუშაო ადგილი იქაა. თუმცა, მოძველებული ელექტროგაყვანილობის გამო, დაქირავებულ ფართში ვერც დენის გამათბობელს ვრთავთ და ვერც ასაცრელი მასალების შესანახ მაცივარს.

ხის სახლის მეორე სართულზე მხოლოდ კომპიუტერი დავდგით და ინტერნეტი შევიყვანეთ. პაციენტებს, განსაკუთრებით მოხუცებს, მეორე სართულის კიბეებზე ამოსვლა უჭირთ. ამიტომ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ ამბულატორიის შენობაში, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაშია.

მეწყერის გამო წყლის სისტემა დაზიანდა. ამიტომ ამბულატორიაში წყალი არ მოგვეწოდება. ჩვენს გვერდით, ხუთ მეტრში, ზვარეს ადმინისტრაციული შენობაა და წყალი იქედან გამოგვაქვს, შემდეგ რეზერვუარში ვასხამთ და ისე ვიყენებთ.

აცრების შესანახი მაცივარი ამავე შენობაში გვაქვს და აცრებსაც აქ ვატარებთ, რადგან აცრას სპეციალური ოთახი სჭირდება. დაქირავებულ სახლში კი ამის პირობები არ არის. სხვა არჩევანი არ გვაქვს. ის დაქირავებული ხის სახლიც ძლივს ვიშოვეთ.

ჩვენი პრობლემების შესახებ „სამედიცინო ჰოლდინგი“ ინფორმირებულია და 2026 წლისთვის ზვარეში საექიმო ამბულატორიის ახალი შენობის აგებას გვპირდებიან. ასე რომ, მოლოდინის რეჟიმში ვართ.

კიდევ ერთი პრობლემა ტრანსპორტირებას უკავშირდება. ზვარეში ყოველ ოთხშაბათს ქუთაისიდან მოვდივარ, საჭიროების შემთხვევაში – სხვა დღეებშიც. ტრანსპორტირება მოლითის რკინიგზის სადგურიდან ამბულატორიამდეც მიჭირს და პაციენტებამდეც. ჩვენი ვალდებულებაა, პალიატიურ მკურნალობაზე მყოფი ავადმყოფები ბინაზე მოვინახულოთ.

მწვავე შემთხვევების დროს სხვა პაციენტებთანაც ყოველთვის ადგილზე მივდივართ. ზვარეში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი ძალიან გვეხმარება და ზვარის თემის სამივე სოფელში ავადმყოფებთან ოჯახებში საკუთარი მანქანით მივყავართ, ხშირად მოლითშიც მანქანით მხვდება და ზვარეში ამოვყავარ.

სხვა პრობლემები, რაც გასულ წლებში გვქონდა, მოგვარდა:

  • – გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნის ხელფასი და – როგორც მაღალმთიან ზონაში დასაქმებულები, – სახელფასო დანამატსაც ვიღებთ;
  • – ახლა უკვე ვსარგებლობთ შვებულებითა და ბიულეტენით; „სამედიცინო ჰოლდინგი“ ფარავს ამბულატორიის კომუნალურ ხარჯებს;
  • – ყველა საჭირო საკანცელარიო ნივთებსა და საბუთების ფორმებს მუდმივად გვაწვდიან;
  • – სიახლეების შესახებ ტრენინგები სისტემატურად გვიტარდება.

ზვარის ამბულატორიის ექთანი შორენა ნათობიძე ყოველდღე ამბულატორიაშია. მისთვის დღე და ღამე არ არსებობს. პაციენტს თუ სჭირდება, ნებისმიერ დროს მის საშველად გაიქცევა ხან ფეხით, ხან თავისი მეუღლის მანქანით. ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ და ვაძლიერებთ. ზვარეს, ჩრდილისა და ნუნისის მოსახლეობა გვენდობა და ეს ნდობა, უნდა გავამართლოთ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ აქ მაცხოვრებელი თითოეული ადამიანის წინაშე“.

ზვარეში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი ამბობს, რომ ადგილი, სადაც მეწყერი გააქტიურდა, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობიდან 700 მეტრითაა დაშორებული. მისივე ინფორმაციით, ზვარეში მეწყრულ პროცესებზე დასაკვირვებლად გეოლოგიის დეპარტამენტიდან წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩამოდიან.

„ახლა ამ მცოცავი მეწყერის მოძრაობა აღარ შეინიშნება, – ამბობს ბესო დალალიშვილი, – უსაფრთხოების მიზნით ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ განთავსებული საბავშვო ბაღი, სასკოლო მზაობის ჯგუფის სახით, ზვარის სკოლაში აგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მეწყერის საშიშროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ და მუშაობას ადმინისტრაციულ შენობაში ვაგრძელებთ. 2026 წელს ზვარეში საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. სკოლის მიმდინარედ ტერიტორია უკვე შერჩეულია.

ამბულატორიის მუშაობას რაც შეეხება, ექიმიც და ექთანიც მაღალკვალიფიციური და გამოცდილები არიან. მათი მომსახურებით მოსახლეობა კმაყოფილია“.

ზვარეში მერის წარმომადგენლის ამ შეფასებას ადასტურებენ თავად პაციენტებიც: 

მაკა ბლუაშვილი: – ძალიან ყურადღებიანია ჩვენი სოფლის ექიმიც და ექთანიც. ამბულატორიამდე თუ ვერ ჩამოვედით და მათი მომსახურება გვჭირდება, სახლში გვაკითხავენ.

დარიკო გოგნაძე:მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები რომ ვართ, ნინო ექიმისა და შორენა ექთანის დამსახურებაა. ამასწინათ შორენამ მითხრა, საავადმყოფოში წასვლას თუ ვერ ახერხებთ, ჩემი შვილის მანქანით წაგიყვანო. ასეთი დამოკიდებულება დასაფასებელია. ამიტომ მათ შესაბამისი უწყებების მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

მაია ჩიტაძე: – სამედიცინო მომსახურება ჩემ შვილსა და მეუღლეს დასჭირდათ. ნინო ექიმის დიაგნოზი უტყუარია.

რამდენად რეალისტურია დაპირება, 2026 წელს ზვარეში ამბულატორიისთვის ახალი შენობის აგების თაობაზე, – ამ შეკითხვით „სამედიცინო ჰოლდინგის“ ლოჯისტიკის სამსახურის უფროსს, კოტე ტყაბლაძესა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს ინგა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, „სამედიცინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს ზვარეში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ადგილი შესთავაზეს ამბულატორიის ასაშენებლად. თუმცა, იმ ტერიტორიების ფართობი ამბულატორიისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

„რამდენადაც ვიცი, შემდეგ სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მოძიება დაიწყეს, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამბულატორია სოფლის ცენტრში, მოსახლეობისთვის ხელსაყრელ ადგილზე აშენდეს“.

კოტე ტყაბლაძე: – ზვარეში საექიმო ამბულატორიის მშენებლობა „სამედიცინო ჰოლდინგის“ ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2026 წელს აქვს დაგეგმილი. თუმცა, ამ ეტაპზე, ზუსტი ვადის დასახელება არ შემიძლია. მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე ზვარის ამბულატორიაში შესვლა კატეგორიულად არ შეიძლება.

მესმის, რომ ამბულატორიისთვის დაქირავებული სახლის მეორე სართულზე მოხუც პაციენტებს ასვლა უჭირთ; თუმცა, მეწყერი რომ დაიძრას, უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ. ხარაგაულის თვითმმართველობასაც დავუკავშირდებით, ხომ არ არის შესაძლებელი ამბულატორიისთვის უკეთესი სახლის მოძიება. მადლობა თქვენ, რომ ამ საკითხის გაშუქებით პრობლემის მოგვარების დაჩქარებაში გვეხმარებით.

ნინო კაპანაძე