ხემაღალსა და ღვერკში მეწყერით დაზარალებულ 112 ოჯახს დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კომპენსაცია გადაეცემა.

ამის შესახებ მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის #84  განკარგულებაშია აღნიშნული. ამ განკარგულებით, თანხის მოცულობა ერთ ოჯახზე ასე განისაზღვრება:

  • 50 ათასი ლარი – თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
  • 30 000 ლარი – თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 1 ივნისის შემდგომ გაასხვისა,
    ასევე თუ 2025 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.

ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული საკომპენსაციო თანხა არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.

ღვერკელი მარადი გელაშვილი ამ საკომპენსაციო თანხის ოდენობას არაადეკვატურად მიიჩნევს და ამბობს, რომ დამეწყრილი ორი სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ამ თანხის აღებას არ აპირებს.

„50 ათასი ლარი კი არა, 150 ათასი ლარიც არ არის საკმარისი სახლის ასაშენებლად, – ამბობს მარადი გელაშვილი, – ძალიან გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები ვართ. ამ თანხას თუ ავიღებთ, გამოდის, რომ ვეთანხმებით ე.წ. გეოლოგიურ დასკვნას, რომელიც გვიმტკიცებს, რომ მეწყერი ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია.

ჩვენ არ ვართ ეკომიგრანტები. მეწყერის გამომწვევი რეალური მიზეზი ახალი რკინიგზის მშენებლობაა და ეს აუცილებლად უნდა დავადგინოთ.

მოსახლეობამ, რომელსაც იქ სახნავ-სათესი, ხეხილი, ვაზი ჰქონდა, წვრილფეხი ჰყავდა, – ამ ყველაფრის სანაცვლოდ, მხოლოდ 30 ათასი ან 50 ათასი ლარი უნდა მიიღოს?!

მივმართავთ ყველა კანონიერ გზას, მეტი ყურადღება და ადამიანობა გამოიჩინონ ჩვენს მიმართ. რას და როგორ დავგეგმავთ, ეტაპობრივად საქმის კურსში ჩაგაყენებთ“.

„ინდივიდუალურად რატომ არ შეაფასეს ოჯახები, ყველას „ერთ ტაფაში რატომ გვწვავენ“, – გულისტკივილს გვიზიარებს ღვერკელი თამილა კოპაძე, – 30 ათას ლარიან კომპენსაციას გვპირდებიან და ჯერჯერობით მისი მიღებისგან თავს შევიკავებ. ასეთი მცირე თანხით დამეწყრილმა და დაზარალებულმა რა უნდა გავაკეთო“?!

ხემაღალელი ნათელა რიკაძე ამბობს, რომ სოფელში ორი სახლი დაენგრა და ორივე სახლზე 100 ათასი ლარის კომპენსაციას ელოდება. ის საკომპენსაციო თანხის აღებას აპირებს.

მეწყერით დაზარალებული ხემაღალელი ნანა აბესაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკითხში დეტალურად გარკვევის შემდეგ მიიღებს; საკომპენსაციო თანხა – 50 ათასი ლარი – ახალი სახლის ასაშენებლად საკმარისი არ არის, თუმცა, მაინც მადლობელია.

ლაშის თემის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კიკალიშვილი ამბობს, რომ მისთვის პრეტენზიით, რომ საკომპენსაციო თანხა მცირეა, არავის მიუმართავს. ამიტომ მან არც მოსახლეობის განწყობა იცის, ამ ოდენობის თანხის აღებას ეთანხმებიან, თუ არა.

2025 წლის მაისში ღვერკსა და ხემაღალში 68 ჰექტარზე გააქტიურებული მეწყერი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „გეოლოჯიქის“ გეოლოგთა დასკვნის მიხედვით, საქართველოში არსებული მეწყერების ტოპ-სამეულშია. მეწყერების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, არის „ძალიან ღრმა“, „ძალიან მძლავრი“ და „ექსტრემალურად დიდი“. ფერდობზე განვითარებული მეწყერი კვლავ ინარჩუნებს აქტიური მეწყერისთვის დამახასიათებელ საერთო დინამიკას და მისი ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

„მეწყერი ფასდება როგორც აქტიური, რომლის ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია“