

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ მიღებული სარჩელის შესახებ.
დავა უკავშირდება მწვანე ობლიგაციას, რომელშიც ADB-მა 2021 წელს $20 მილიონი ჩადო. დავაში მოსარჩელეთა ვინაობას ADB არ ასაჯაროებს, თუმცა უთითებს, რომ მოსარჩელეების ბრალდებით რკინიგზამ ADB-ის დაფინანსების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნები დაარღვია და მის მიერ რკინიგზის მოდერნიზების პროექტით იმერეთის სოფლების ღვერკის და ხემაღალის მოსახლეობას ზიანი მიადგა.
ADB-იმ წარდგენილი სარჩელი შეისწავლა და წინასწარი მოკვლევით დაასკვნა, რომ მათი საინვესტიციო საქმიანობის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები გულისხმობს უშუალოდ ADB-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციის გარემოსდაცვით შეფასებას.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს რკინიგზის მიერ 2021 წელს გამოშვებულ $500 მილიონიან ევრობონდში $20 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ევრობონდი რკინიგზამ მოდერნიზების სამუშაოების ფინანსურ მხარდაჭერის მიზნით გამოუშვა და აღნიშნულ სარჩელში მოდავე მხარეები, რომელთა ვინაობაც ADB-ის მიერ არ საჯაროვდება, მიუთითებდნენ რომ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტმა, კერძოდ კი მის ფარგლებში ახალი გვირაბების გაყვანამ დააზიანა სოფლების ხემაღალის და ღვერკის ადგილობრივი მოსახლეობა, რადგანაც გვირაბების გაყვანის შემდეგ ამ სოფლებში დაიწია მიწამ, რის შედეგადაც 100-ზე მეტმა ოჯახმა საცხოვრებელი დაკარგა.
საუბარია ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ მაგისტრალურ რკინიგზაზე, რომლის ფარგლებშიც რკინიგზის კონტრაქტორმა “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ” ახალი გვირაბები გაიყვანა.
ADB-ის თანახმად, 2021 წელს ბანკის მიერ საქართველოს რკინიგზის ევრობონდებში ჩადებულ $20-მილიონიან ინვესტიციას სოფელ ღვერკის და ხემაღალის მოსახლეობაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგანაც ობლიგაციით მოზიდული თანხებით საქართველოს რკინიგზას გვირაბების სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. შესაბამისად, წარდგენილი სარჩელი ბანკის მიერ შეუსაბამოდ ჩაითვალა.
საქართველოს რკინიგზამ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მაგისტრალის მოდერნიზების პროექტი 2011 წელს, მსოფლიო ბანკის 249 მილიონი შვეიცარიული ფრანკის საკრედიტო დაფინანსებით დაიწყო. საქართველოს რკინიგზამ 2024 წელს ამ პროექტს 17 მილიონი დოლარი დაამატა. არსებული მდგომარეობით ინფრასტრუქტურის მხრივ პროექტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში აშენებული გვირაბებია:
IX გვირაბი – სიგრძე 8300 მ – სწორედ ამ გვირაბის სამუშაოებს უკავშირდებოდა პროექტის დასრულების გაჭიანურება;
VIII გვირაბი – სიგრძე 1130 მ;
VII გვირაბი – სიგრძე 2150 მ;
XI გვირაბი – სიგრძე 860 მ;
XII გვირაბი- სიგრძე 1095 მ;
X გვირაბი – სიგრძე 975 მ.
14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და
2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა