ბაზალეთის საავტომობილო გზის მშენებელი შპს „ნიუ ვეივი“ 8 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ათასი ლარით ჯარიმდება.

საქმე იმაშია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულებით, ბაზალეთის გზის მშენებლობა 7 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი არჩილ ლურსმანაშვილი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვეცნობოდით სამუშაოების მიმდინარეობას და მშენებლისგან პროექტის ვადებში დამთავრებას მოვითხოვდით, 7 სექტემბერს გზის მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა.

მშენებელმა ორგანიზაციამ მოგვმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე, თუმცა ჩვენ ვერ გავიზიარეთ მათი არგუმენტები. ხელისშემშლელ მიზეზად დაასახელეს ამინდის გაუარესება და მიუთითეს წვიმა. ჰაერის მაღალი ტემპერატურა რომ მოემიზეზებინათ, შესაძლოა, გაგვეთვალისწინებია, მაგრამ აგვისტოში ორ საღამოს თუ იწვიმა მხოლოდ.

მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ასფალტის მეორე ფენას აგებენ და ხვალ-ზეგ დაამთავრებენ ალბათ,“ – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი.

ლაურა გოგოლაძე